20-02-2025 14:13:56 პოლიტიკა
პატიმრობაში მყოფი ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ "აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მას და საქართველოს 2011-12 წლებში აქებდა, საქართველოში კი იმისათვის, რის გამოც ტრამპი აქებდა, ერთნი მის დასჯას ცდილობენ, მეორენი კი - მიჩუმათებას", –ამის შესახებ, "რადიო თავისუფლების" ცნობით, მიხეილ სააკაშვილმა კლინიკა „ვივამედიდან“ სასამართლო სხდომაზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.
"დღეს ბევრს იხილავთ დონალდ ტრამპის გამოსვლებსა და განცხადებებს და გავიხსენოთ, დონალდ ტრამპი რას ამბობდა ჩემი პრეზიდენტობის ბოლოს, 2011-ში, 2012 წელს საქართველოსა და ჩემზე. ის ამბობდა, რომ საააკაშვილი არის ნამდვილი ხატება, მთელი მსოფლიოსთვის მისაბაძი, მსოფლიოში ნომერ პირველი მებრძოლი კორუფციასთან, საქართველო არის ნომერ პირველი ეკონომიკური რეფორმატორი“, – განაცხადა სააკაშვილმა.
სააკაშვილმა, რომელიც ვოლოდიმირ ზელენსკის პრეზიდენტობის პერიოდში უკრაინის ხელისუფლებაში იყო, ასევე თქვა:
„დონალდ ტრამპი ხუმრობდა, „კარგია, რომ სააკაშვილს არ შეუძლია კენჭისყრა აშშ-ში პრეზიდენტად, თორემ მე კონკურენცია შემექმნებოდაო“. რა თქმა უნდა, ეს ხუმრობა იყო, მაგრამ ამას ამბობდა ამერიკის პრეზიდენტი, რომელიც არ იცვლის ხოლმე შეხედულებებს. ამას ამბობდა და ესენი ერთი ნაწილი ცდილობს იმისთვის, რისთვისაც მაქებდა დონალდ ტრამპი, იმისთვის ჩემს დასჯას, ხოლო მეორე ნაწილი - მიჩუმათებას. არც ერთი გამოგივათ და არც მეორე“.
მანამდე მან თქვა, რომ „ვიღაცები თვალს არიდებენ მის პოლიტპატიმრების რიცხვში ხსენებას“, რასაც „სასაცილო“ უწოდა:
„სინამდვილეში ყველამ კარგად იცის, რისთვის ვარ მე აქ“.
„ერთიანობა მინუს ვიღაცა არ გამოდის, მეგობრებო“, - განაცხადა მან.
მისივე თქმით, საქართველოს დემოკრატიული ძალების ბრძოლა "ბიძინა ივანიშვილის მაფიოზურ-კრიმინალური რეჟიმის წინააღმდეგ აუცილებლად დაგვირგვინდება გამარჯვებით“.
20 თებერვალს საქალაქო სასამართლო განიხილავს სააკაშვილის მიერ „სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის“ ეპიზოდს, - ეს ერთ-ერთი საქმეა, რაზეც სააკაშვილი ბრალდებულია. 20 თებერვლის სხდომაზე პროკურატურამ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა. დაცვის მხარე მომდევნო სხდომაზე შეაჯამებს თავის პოზიციას.