შსს – 5000-ლარიან ჯარიმებზე: "გაასაჩივრონ და წარმოადგინონ მტკიცებულებები"

21-02-2025 20:02:06 სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტრო პროევროპული აქციის მონაწილეების 5000 ლარით დაჯარიმებაზე განცხადებას ავრცელებს.

უწყებაში ამბობენ, რომ ბოლო პერიოდში, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეები "მიზანმიმართულად და ხელოვნურად" კეტავენ რუსთაველის გამზირს.

მისივე ცნობით, შსს-ს თანამშრომლები მუდმივად ადგენენ სამართალდამრღვევი პირების ვინაობას და მათ [ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლით] აჯარიმებს.

„გვსურს გამოვეხმაუროთ მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას ბოლო პერიოდში მიმდინარე შეკრება/მანიფესტაციის მონაწილეთა ადმინისტრაციული წესით დაჯარიმების შესახებ.

საზოგადოების დამატებით ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა. აღნიშნული ვალდებულების დარღვევა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებულ გადაცდომას და ითვალისწინებს ჯარიმას 5 000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

ბოლო პერიოდში საზოგადოება ნათლად ხედავს, რომ თბილისში, საქართველოს პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია/მანიფესტაციის მონაწილეები მიზანმიმართულად და ხელოვნურად ახდენენ რუსთაველის გამზირის გადაკეტვას, ისე, რომ ამას არ მოითხოვს შეკრების მონაწილეთა რაოდენობა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეების მხრიდან მუდმივად ხდება ზემოაღნიშნულ სამართალდამრღვევ პირთა იდენტიფიცირება და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული სახდელის შეფარდება.

დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ თითოეულ სამართალდამრღვევს განემარტება, რომ თუ იგი არ ეთანხმება საჯარიმო ქვითარს, უფლებამოსილია გაასაჩივროს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და წარმოადგინოს მის ხელთ არსებული მტკიცებულებები.

საჩივრის განხილვის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს საქმის ყველა ფაქტობრივი გარემოების დამატებით დეტალურ გამოკვლევას და საჩივარზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის: უკვე 86 დღეა, თბილისსა და სხვა ქალაქებში მიმდინარეობს პროევროპული აქციები. პროტესტის უწყვეტი ტალღა მოჰყვა „ქართული ოცნების“ განცხადებას, რომლის თანახმად, გადაწყვიტეს, რომ „2028 წლამდე“ დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნა.

დემონსტრანტები ითხოვენ ახალ საპარლამენტო არჩევნებს და დაკავებულების, მათ შორის „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის გათავისუფლებას.

„ქართული ოცნება“ ამკაცრებს კანონებს, პოლიცია კი აჯარიმებს მოქალაქეებს, მათ შორის ჟურნალისტებს, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებენ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები