
ტრამპი - უკრაინაზე: ჩვენ დავიბრუნებთ ჩვენს ფულს, ვფიქრობ, საკმაოდ ახლოს ვართ შეთანხმებასთან
23/02/2025 00:13:33 პოლიტიკა
მე ვაგვარებ სიტუაციას პრეზიდენტ ზელენსკისთან, ვაგვარებ სიტუაციას პრეზიდენტ პუტინთან, ვცდილობ, დავიბრუნო ფული, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ტრამპის თქმით, ფიქრობს, რომ აშშ „საკმაოდ ახლოს არის“ უკრაინასთან წიაღისეულის შესახებ შეთანხმებასთან.
„ადამიანებს კლავენ, ძირითადად ახალგაზრდებს, რუს და უკრაინელ კაცებს, ისეთ დონეზე, როგორიც აქამდე არასდროს გინახავთ. ათასობით ადამიანი დაიღუპა. მე ველაპარაკე პრეზიდენტ პუტინს და ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი დასრულდება. ეს საშინელი საყურებელია. მე ვაგვარებ სიტუაციას პრეზიდენტ ზელენსკისთან, ვაგვარებ სიტუაციას პრეზიდენტ პუტინთან. ვცდილობ, დავიბრუნო ფული. იცით, რომ ევროპამ მისცა 100 მილიარდი დოლარი, ჩვენ მივეცით 350 მილიარდი დოლარი, რადგან ჩვენ გვყავდა სულელი, არაკომპეტენტური პრეზიდენტი და ადმინისტრაცია. 350 მილიარდი დოლარი, მაგრამ საქმე კიდევ უფრო ცუდადაა. ევროპა ფულს დაიბრუნებს, რადგან ეს თანხა სესხის სახით მისცა, ხოლო ჩვენ მივეცით იგი არაფრის სახით. ამიტომ მინდა, რომ მათ მოგვცენ რაღაც იმ ფულის სანაცვლოდ, რაც ჩვენ დავხარჯეთ და მე ვეცდები ამას, ვეცდები, დავასრულო ეს ხოცვა-ჟლეტა. ასე რომ, ჩვენ ვითხოვთ ნებისმიერ რამეს, რასაც მივიღებთ. მაგრამ ასე ჩვენ თავს სულელებად ვგრძნობთ. აქ არის ევროპა და იცით, ეს გავლენას ახდენს ევროპაზე. ეს ჩვენზე ნამდვილად არ მოქმედებს. გარდა იმისა, რომ ჩვენ არ გვიყვარს ორი რამის დანახვა: პირველი – როგორ შეგვიყვანა ბაიდენმა ამ საქმეში. საშინელებაა, მაგრამ რატომ არ სთხოვა გათანაბრება? ევროპამ ჩვენზე მეტი ფული უნდა დახარჯოს. ევროპა დაიბრუნებს ფულს, მაგრამ ჩვენ ვერაფერს მივიღებთ. ასე რომ, ჩვენ დავიბრუნებთ ჩვენს ფულს, რადგან ეს არ არის სამართლიანი. ეს უბრალოდ არ არის სამართლიანი. ვნახოთ, რა მოხდება, მაგრამ ვფიქრობ, რომ საკმაოდ ახლოს ვართ შეთანხმებასთან და უკეთესი იქნება, რომ ვიყოთ, რადგან ეს საშინელი სიტუაცია იყო. ეს არასდროს მოხდებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი და, სხვათა შორის, 7 ოქტომბერიც არასდროს მოხდებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
გავრცელებული ცნობებით, შეთავაზებული შეთანხმება აშშ-ის მიანიჭებს წვდომას უკრაინის იშვიათ მინერალებზე, ვაშინგტონის მხრიდან კიევისთვის გამოყოფილი დახმარების სანაცვლოდ. ზელენსკიმ უარი თქვა შეთანხმების პირველი ვარიანტის ხელმოწერაზე, თუმცა 22 თებერვალს ანონიმური უკრაინელი ოფიციალური პირის სიტყვებზე დაყრდნობით გავრცელდა ცნობა, რომ უკრაინა ახლა სერიოზულად განიხილავს შეთანხმების განახლებულ ვერსიას.
გარკვეული პირობები უფრო მკაცრი ჩანს, ვიდრე პირველ ვერსიაში იყო - იუწყება The New York Times-ი 22 თებერვალს. ახალი ვერსიით - რომელსაც, როგორც გამოცემა ამბობს, მისი ჟურნალისტები გაეცნენ - უკრაინას მოუწოდებენ თავისი რესურსებიდან მოგება გადარიცხოს აშშ-ის ფონდში მანამ, სანამ თანხა 500 მილიარდ დოლარს მიაღწევს.
უკრაინის პარლამენტის სპიკერმა, რუსლან სტეფანჩუკმა უკრაინის მედიას უთხრა, რომ შეთანხმებაზე მუშაობა 24 თებერვალს დაიწყება, და რომ უკრაინას სურს მიიღოს კონკრეტული უსაფრთხოების გარანტიები თავის რესურსებთან წვდომის სანაცვლოდ.
ტრამპის მხრიდან რუსეთის მისამართით გაკეთებულმა ჟესტებმა - მათ შორის სამიტის შესაძლებლობამ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს შორის - უკრაინასა და ევროპაში აღძრა შეშფოთება, რომ აშშ-მა, შესაძლოა, მათთვის არახელსაყრელ შეთანხმებას მოაწეროს ხელი.