23-02-2025 14:33:25 პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, დღეს ტრამპის ადმინისტრაციას ძალიან ბევრი საქმე აქვს და შეიძლება, საკმარისი დრო ვერ გამოინახოს ამ ეტაპზე საქართველოსთვის, თუმცა, მისი თქმით, "გარკვეულ ეტაპზე დადგება აუცილებლად ის დრო, როცა ტრამპის ადმინისტრაცია სერიოზულად დაინტერესდება ქართულ-ამერიკული ურთიერთობებით".
"ჩვენ გვაქვს აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვის სურვილი და ამის შესახებ არაერთი განცხადება გავაკეთეთ. ჩვენ გვინდა არა მხოლოდ ურთიერთობების გადატვირთვა, არამედ უფრო მეტიც, გვინდა კონკრეტული გზამკვლევით, სუფთა ფურცლიდან განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა. ეს არის ჩვენი ღია შეთავაზება ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების მიმართ. გვესმის, რომ დღეს ძალიან ბევრი საქმე აქვს ტრამპის ადმინისტრაციას, არის შიდა საქმეები მოსაგვარებელი, არის ომის დამთავრების საკითხი, რითიც არის დაკავებული ტრამპის ადმინისტრაცია. აქედან გამომდინარე, შეიძლება საკმარისი დრო ვერ გამოინახოს ამ ეტაპზე საქართველოსთვის, თუმცა, ვფიქრობ, გარკვეულ ეტაპზე დადგება აუცილებლად ის დრო, როცა ტრამპის ადმინისტრაცია სერიოზულად დაინტერესდება ქართულ-ამერიკული ურთიერთობებით და ეს უნდა გახდეს საწინდარი იმისა, რომ გადაიტვირთოს ურთიერთობები საქართველოსა და აშშ-ს შორის. ასევე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული „დიფ სთეითის“ დამარცხებაზე. იმდენად, რამდენადაც შეძლებს ტრამპი „დიფ სთეითის“ დამარცხებას, გადაიტვირთება ურთიერთობები საქართველოსა და აშშ-ს შორის", – განუცხადა მან ჟურნალისტებს.
ცნობისთვის: "მოლოდინის რეჟიმში ვართ და იმედი გვაქვს, რომ ძალიან მალე შედგება პირდაპირი კომუნიკაცია", - ასე უპასუხა 2024 წლის 5 დეკემბერს ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას, ჰქონდათ თუ არა აშშ–ის ახალ ადმინისტრაციასთან, ტრამპის გუნდთან პირდაპირი კომუნიკაცია.
მანამდე, 1 დეკემბერს კობახიძემ აღნიშნა, რომ ტრამპის ადმინისტრაციასთან არაპირდაპირი კომუნიკაცია ჰქონდათ:
"ჩვენი მხრიდან იყო კომუნიკაცია, იყო არაპირდაპირი კომუნიკაცია და ჩვენ ველოდებით პირდაპირ კომუნიკაციას. მეტ დელატს ვერ ვიტყვი. ეს არის შიდა სამზარეულო. გვქონდა არაპირდაპირი კომუნიკაცია და ჩვენი სურვილია, შედგეს პირდაპრი კომუნიკაციაც".
30 ნოემბერს აშშ-მა საქართველოსთან მრავალწლიანი პარტნიორობა შეაჩერა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის იმჟამინდელმა პრეს–სპიკერმა მეთიუ მილერმა მიზეზები ასე ახსნა:
„აშშ, ევროკავშირთან ერთად, სინანულს გამოხატავს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერების შესახებ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების გამო“.
მანამდე, ორი დღით ადრე, 28 ნოემბერს „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოებას ამცნო, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში აღარ დააყენებდნენ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში. ამ გადაწყვეტილებამ ათასობით ადამიანი გამოიყვანა საქართველოს ქუჩებში. პროტესტი ამ დრომდე გრძელდება.