24-02-2025 18:18:03 სამართალი
მსახიობ ანდრო ჭიჭინაძისთვის აღკვეთოს ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდება. ამის შესახებ დღეს მისმა ადვოკატებმა განაცხადეს.
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გასაჩივრდება როგორც 7 დეკემბერს მოსამართლე თამარ მჭერლიშვილის მიღებული გადაწყვეტილება მისთვის პატიმრობის შეფარდების შესახებ, ისე 10 იანვარს მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძის გადაწყვეტილება მისი პატიმრობაში დატოვების შესახებ.
„რამდენიმე დღეა დარჩენილი, როცა მხოლოდ ტექნიკურ საკითხებს მოვაგვარებთ უკვე და ანდრო ჭიჭინაძის საქმე აღკვეთის ნაწილში გაიგზავნება სტრასბურგის სასამართლოში, სადაც განხილული იქნება როგორც პირველ წარდგენაზე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის საკითხი, ასევე, შემდგომში უკვე გადახედვის დროს ანალოგიური გადაწყვეტილების მიღების საკითხი, როცა ანდრო ჭიჭინაძე სხვა ბრალდებულებთან ერთად უკანონოდ დარჩა პატიმრობაში”, – განაცხადა ჭიჭინაძის ადვოკატმა, თორნიკე მიგინეიშვილმა.
მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე 5 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.