25-02-2025 21:06:48 სამართალი
თანაინვესტირების ფონდის ყოფილ გენერალურ დირექტორს გიორგი ბაჩიაშვილს "მტკვარი ჰესის" საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა გამოაცხადა.
"ამ გადაწყვეტილებამ არ გამაკვირვა. სამწუხაროდ, სასამართლო ჩვენს ქვეყანაში ყოველთვის თავიდან ბოლომდე იზიარებს ივანიშვილის პოზიციას და ახლაც ასე გამოვიდა", - თქვა ბაჩიაშვილმა სხდომის შემდეგ.
ბაჩიაშვილს "მტკვარი ჰესის" საქმეზე პროკურატურამ ბრალდება 25 თებერვალს წარუდგინა.
პროკურატურის მტკიცებით, ბაჩიაშვილმა სწორად არ შეაფასა რისკები, ასევე არ მიიღო ზომები საფრთხეების თავიდან ასარიდებლად, რის შედეგადაც, პროექტის საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 100 მილიონი ამერიკული დოლარით გაიზარდა.
ბაჩიაშვილს ბრალი საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა, რაც სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. წარდგენილი ბრალდება 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.