ვაშაძის ინფორმაციით, „ქართულმა ოცნებამ" საარჩევნო სისტემის თაობაზე ახალი ინიციატივა წარმოადგინა

27-02-2020 13:25:19 პოლიტიკა

ოპოზიციური გაერთიანების ერთ-ერთ ლიდერ გიორგი ვაშაძის ინფორმაციით, მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ" საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ახალი ინიციატივა - 110/40 წარმოადგინა.

განცხადება ვაშაძემ ევროკავშირის ელჩის ოფისთან გააკეთა, სადაც ოპოზიციის, საპარლამენტო უმრავლესობისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობდა.

"ჩვენი მხრიდან შეთანხმება მხოლოდ ორი კომპონენტის შემთხვევაში იქნება: პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე უარის თქმა და რაც მთავარია, პროპორციული მისწრაფების მაქსიმალურად გათვალისწინება. ეს არის ის, რომ 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერა ვისაც აქვს, არ შეეძლოს დამოუკიდებლად უმრავლესობის ფორმირება. "110/40" ამ ტესტს არ გადის. აქედან გამომდინარე, ჩვენ ამას ვერ დავეთანხმებით. თუმცა საუბრობენ რაღაც დამატებით კომპონენტებზე, რაზეც მსჯელობა მიდის. ვნახოთ, დაველოდოთ, კიდევ რას იტყვიან", - განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი ვაშაძემ.

მისივე თქმით, შეხვედრაზე მთავარი გზავნილი დიპლომატებისგან ის იყო, რომ საქართველო დგას საგარეო იზოლაციის საფრთხის წინაშე „ქართული ოცნების" გამო.

თავად მმართველი გუნდის წარმომადგენლებს შეხვედრის შემდეგ დეტალებზე არ უსაუბრიათ.

ცნობილია მხოლოდ, რომ შეთანხმება ამ დროისთვის მიღწეული არაა.

იხილეთ ასევე: შეთანხმების ფანჯარა ნელ-ნელა იხურება: რა აიმედებს ოპოზიციას?

ახალი ამბები

სხვა სიახლეები