კორონავირუსის გამო საქართველო რიგ ქვეყნებთან სავიზო რეჟიმის დროებით შემოღების შესაძლებლობას განიხილავს

27-02-2020 13:33:46 პოლიტიკა ,საზოგადოება

საქართველოს მთავრობამ ქვეყანაში ახალი ტიპის კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით ოპერატიული რეაგირების ახალი განკარგულება გამოსცა, რომლის თანახმად, 28 იანვარს გამოცემულ განკარგულებაში ცვლილებები შევიდა. ახალი განკარგულების მიხედვით, შესაბამისმა სახელმწიფო უწყებებმა 2020 წლის პირველ მარტამდე უნდა შეიმუშავონ და დაამტკიცონ სპეციალური ოპერატიული გეგმები, შესაბამისი ფინანსური გათვლებით.

განკარგულებას თან ახლავს დანართი „ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმა,“ რომლის თანახმად, კორონავირუსით ინფიცირებულთა მკურნალობისა და დახმარების მიზნით უნდა მოხდეს ჯანმრთელობის დაცვის სისტემების ორგანიზება მოსახლეობისთვის აუცილებელი ჯანდაცვის სერვისების მიწოდების შეწყვეტის გარეშე, საზოგადოებისა და მედიის ჩართულობის, ასევე სწორად ინფორმირების უწყვეტი უზრუნველყოფა.

დანართის თანახმად, ჯანდაცვის სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა უნდა უზრუნველყონ სკრინინგის პროტოკოლის შემუშავება, სკრინინგის განხორციელება, საჭიროების შემთხვევებში საეჭვო ან დადებითი ნიმუშების გადაგზავნა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ლაბორატორიაში დამატებითი კვლევებისთვის, კორონავირუსის გავრცელების არეებიდან შემოსული მგზავრების კარანტინი, მათი შემდგომი იზოლაციისა და შეზღუდვის მიზნით, ასევე შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებების პესრონალის უზრუნველყოფა საჭირო ინფორმაციითა და ტრენინგებით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა, უზრუნველყოს ყველა შესაბამისი აღმკვეთი და რეაგირების ღონისძიების კოორდინირება და სამედიცინო ობიექტების უსაფრთხოების დაცვა, პაციენტების, ასევე იზოლაციისა და შეზღუდვის მიზნით, მოქალაქეთა ტრანსპორტირებისას სასწრაფო დახმარების მანქანებისა და სხვა ტრანსპორტის გადაადგილებაში დახმარება და უსაფრთხოების უზრუნველყოფა, დაავადების კერის იზოლაცია და უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს დაევალა, უზრუნველყოს შესაბამისი საელჩოების ინფორმირება მათი ქვეყნის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლის მსურველთათვის ჯანმრთელობის დაზღვევის აუცილებლობის, საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი მათი მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობისა და კორონავირუსის ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით, მთავრობის მიერ შემოღებული დამატარებითი რეგულაციების თაობაზე; საქართველოს მთავრობის ინფორმირება კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკის ქვეყნებში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისა და ასევე სხვა ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების კორონავირუსის დიაგნოზის დადგენის შემთხვევის შესახებ; გარდა ამისა, მაღალი რისკის ზონად ნომინირებულ ქვეყნებთან დროებით სავიზო რეჟიმის შემოღების შესაძლებლობის განხილვა.

ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახური უზრუნველყოფს კორონავირუსის გავრცელების არეებიდან საერთაშორისო აეროპორტებისა და მსხვილი (მათ შორის ირანის სამი ძირითადი) გამშვები პუნქტების გავლით შემოსული, მათ შორის ტრანზიტული მგზავრების მართვას და თითოეულ ასეთ შემთხვევაზე დეტალური მოგზაურობის ანამნეზის შეკრებას.

განკარგულების მიხედვით, ეკონომიკის სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდება ტურიზმის ინდუსტრიაში დასაქმებული ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის. ასევე, სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს პირდაპირი საერთაშორისო რეისების დროებითი შეწყვეტა ჩინეთთან და ირანთან. ამასთან, შეზღუდვა არ ვრცელდება ისეთ ფრენებზე, რომლის დროსაც აღნიშნული ქვეყნებიდან საჰაერო ხომალდი ჩამოფრინდება საქართველოში მგზავრების გარეშე, საქართველოდან მგზავრების გაყვანის მიზნით, აღნიშნული შეზღუდვა შესაძლებელია გადახედილ იყოს ეპიდსიტუაციის რისკის გათვალისწინებით.

დოკუმენტი „აეროპორტების გაერთიანებას“ ავალებს თერმოსკანერებისა და შესაბამისი აღჭურვილობის საკუთარი სახსრებით დაუყოვნებლივ შესყიდვას საერთაშორისო აეროპორტებში განთავსების მიზნით.

რაც შეეხება განათლების სამინისტროს, დოკუმენტის თანახმად, უწყება უზრუნველყოფს სისტემაში შემავალ ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიულ საგანმანათლებლო, უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების გატარებას.

საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. ვირუსი 50 წლამდე ასაკის მოქალაქეს დაუდასტურდა, რომელიც ირანიდან აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა. ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები