26-02-2025 14:53:27 პოლიტიკა ,რეგიონები
„აქტიურ რეჟიმში გრძელდება სამუშაოები, ვითარება კვლავაც საკმაოდ რთულია“,- თქვა მედიასთან გურიაში მყოფმა „ქართული ოცნების“ მთავრობის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, იგეგმება თუ არა დიდთოვლობის გამო მოსახლეობის ევაკუაცია, კობახიძე პასუხობს, რომ ამ ეტაპზე ევაკუაცია ნაკლებად აქტუალურია, თუმცა ყველა სოფელში შევლენ, რათა მოსახლეობას დაეხმარონ და რომ ეს არის გეგმა.
„ერთერთი კრიტიკული მონაკვეთი იყო სოფელ შრომამდე მოსასვლელი გზა, მთლიანად იყო გასაწმენდი, მთლიანად იყო მოწყვეტილი ეს და რამდენიმე სოფელი ოზურგეთს, ქალაქს. ღამის განმავლობაში, დილამდე მაშველებმა ძალიან აქტიურად იმუშავეს და მთლიანად გაიწმინდა გზის ეს მონაკვეთი, შესაბამისად, კომუნიკაცია არის აღდგენილი. გზის არარსებობის გამო აქ ელექტროენერგიის მოწდებაც არის ჯერ კიდევ შეწყვეტილი, გზის გაწმენდა იძლევა იმის საშუალებას, რომ უახლოეს საათებში ელექტროენერგიის მიწოდებაც აღდგეს, ენერგოპროსთან გვქონდა ამაზე საუბარი და დაგვპირდნენ…“,- თქვა კობახიძემ.
მისივე თქმით, სხვა სოფლებშიც იგივე სამუშაოები არის ჩასატარებელი:
„არის შემთხვევები, როდესაც შეიძლება ერთ დღეშიც ვერ მოხერხდეს გზის გაწმენდა და ამ შემთხვევაში ალტერნატიული საშუალებით შევლენ როგორც მაშველები, ასევე თავდაცვის ძალების წარმომადგენლები სოფლებში იმისთვის, რომ მოსახლეობა შესაბამისი დახმარებით უზრუნველყონ. ევაკუაცია ნაკლებად აქტუალურია, როგორც ჩარევის ზომა, თუმცა, რაც შეეხება სოფლებში შესვლას, უკლებლივ ყველა სოფელში უნდა შევიდეთ იმისთვის, რომ მოსახლეობას ადგილზე გავუწიოთ დახმარება. ეს არის მთავარი გეგმა, რომელიც დასახული გვაქვს“.
დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა დასავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით გურიასა და აჭარაში. გარესამყაროსაა მოწყვეტილი ბევრო მოქალაქე. მოქალაქეების ნაწილს არ მიეწოდება ელექტროენერგია, გაზი, წყალი.