
მდინარაძე – „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში დაანონსებულ ცვლილებებზე: ერთადერთი რამ იცვლება – თვითრეგულირებიდან ეს გადმოდის სახელმწიფო რეგულირებაში
27/02/2025 10:18:16 პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ [„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებით] ერთადერთი რამ იცვლება - თვითრეგულირებიდან ეს გადმოდის სახელმწიფო რეგულირებაში.
„ის, რაც იყო დღემდე რეგულაციის სახით, არცერთი პუნქტი არ იცვლება, ოღონდ ეს ყველაფერი მოქცეული იყო თვითრეგულირებაში, რაც არ ხორციელდებოდა. თვითრეგულირების არგანხორციელებამ შექმნა მკვდრადშობილი ნორმები იმიტომ, რომ თვითრეგულირება ამას ვერ ახერხებდა. მაგალითად ტელევიზიები თვითრეგულირების ნაწილში, იყვნენ აბსოლუტურად ინერტულები. როგორც აღმოჩნდა და ჩვენ ეს კარგად შევისწავლეთ, ბრიტანული მოდელიდან იყო ძირითადი ნორმები გადმოტანილი, მოდიფიცირებული, საქართველოს რეალობაზე მორგებული, რაც თქვენ, ყველა ჟურნალისტმა აღიარეთ. იყო უბრალოდ თვითრეგულირების სფეროში. ახლა ხდება ერთადერთი რამის შეცვლა, რომ თვითრეგულირებიდან ეს გადმოდის სახელმწიფო რეგულირებაში. ანუ ნორმა არ იცვლება. რაც ყველა ჟურნალისტს საქართველოში აღიარებული ჰქონდა, ის ნორმები გადმოვა რეალურ ცხოვრებაში და მის აღსრულებაზე კონტროლს დააწესებს სახელმწიფო, რადგან თვითრეგულირება ამას ვერ ახერხებს“,- განაცხადა მდინარაძემ.
ცვლილებები, რომლებიც „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში უნდა შევიდეს, ტელევიზიებსა და რადიოებს შეეხება. ამ საკანონმდებლო ცვლილებებით, ამ დრომდე თვითრეგულირების ფარგლებში მოქცეული საკითხების განხილვის უფლება კომუნიკაციების კომისიას ექნება, მას კი ტელევიზიებისა და რადიოების დაჯარიმება შეეძლება.
კომუნიკაციების კომისიას ტელევიზიებისა და რადიოების გაფრთხილება და დაჯარიმება შეეძლება, თუ ისინი:
- ახალი ამბების გაშუქების დროს არ დაიცავენ „სამართლიანობისა“ და „მიუკერძოებლობის“ პრინციპებს - რა იგულისხმება ამ ტერმინებში, განმარტებული არ არის;
- ახალ ამბებში საკითხის გაშუქების დროს არ დაიცავენ ბალანსს;
- წინასწარი გაფრთხილების გარეშე, ეთერში გაშვების მიზნით ჩაწერენ ინტერვიუს ან სატელეფონო საუბარს (გარდა იმ შემთხვევისა, როცა არსებობს ვარაუდი, რომ ღიად ჩაწერა ვერ მოხერხდებოდა);
- „სამართლიანობის პრინციპით“ თუ არ შეირჩევა პირდაპირ ეთერში შესული ზარები (დაუშვებელია ერთი შეხედულების გამოხატვა);
- სასწავლო დაწესებულებაში, საავადმყოფოში, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, პოლიციის განყოფილებაში ან სასწრაფო დახმარების მანქანაში მასალის გადაღების დროს არ ექნებათ წინასწარი თანხმობა როგორც უფლებამოსილი პირის, ისე იმ ადამიანების, რომლებსაც იღებენ;
- პროგრამაში აქტუალურ საკითხზე მხოლოდ ერთი სტუმარი იქნება მიწვეული და ამას გამოიყენებენ იმ პირზე თავდასხმისთვის, რომელიც პროგრამაში არ მონაწილეობს.
ამ დრომდე ტელევიზიებსა და რადიოებს ყველა ამ დარღვევაზე თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში რეაგირების ვალდებულება ჰქონდათ, თუმცა ამისთვის ჯარიმის გადახდა არ უწევდათ. სანქცია მათ მხოლოდ იმ შემთხვევაში უწესდებოდათ, თუ ამ განხილვაზე იტყოდნენ უარს.
„მაუწყებლობის შესახებ“ კანონით, თუ კომუნიკაციების კომისია დაადგენს, რომ მაუწყებელმა დაარღვია ეთიკური სტანდარტი, ის მას გააფრთხილებს და დარღვევების აღმოსაფხვრელად ვადას მისცემს - თუ არხი ამ მითითებას არ შეასრულებს, დააჯარიმებენ. დაჯარიმება შესაძლებელი იქნება, თუ გაფრთხილების მიღებიდან ერთ წელში კომისია მას კიდევ ერთ დარღვევას დაუდგენს.
კომისიას შეეძლება მაუწყებელი დააჯარიმოს წლიური შემოსავლის 0,5%-ით, მაგრამ არანაკლებ 2500 ლარით.