
რუსული საგარეო დაზვერვა "ოცნების" ანტიევროპულ პროპაგანდასა და ანტიდემოკრატიულ კანონებს ეხიდება
27/02/2025 13:40:33 პოლიტიკა
რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური (СВР) "ქართული ოცნების" მსგავსად, საქართველოში უკვე სამ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე საპროტესტო მოძრაობის დისკრედიტაციის მიზნით უსაფუძვლო ანტიდასავლურ პროპაგანდას განაგრძობს. ამასთან, თუ ბოლო თვეების განცხადებებში მთავარ ბრალდებულად აშშ გვევლინებოდა, პუტინსა და ტრამპს შორის ბოლოდროინდელი დათბობის ფონზე აქცენტი ამჯერად ევროკავშირზეა გადატანილი. კერძოდ, СВР ირწმუნება, რომ ევროკავშირი საქართველოზე ზეწოლასა და ამ მიზნით "ოცნების" საწინააღმდეგო პროტესტის გაძლიერებას ცდილობს, მათ შორის - აქციების მონაწილეთა დაფინანსებით. როგორც ყოველთვის, ამ მტკიცებების საფუძვლად თავად СВР-ის "მონაცემებია" დასახელებული.
"ჩვენი სამსახურის ხელთ არსებული მონაცემებით, მსოფლიოში მიმდინარე ნაციონალ-კონსერვატიული შემობრუნების ფონზე ევროკავშირმა გადაწყვიტა, ქართველ პოლიტიკოსებსა და საზოგადოებასთან მუშაობაში უკვე ფასდაკარგული და არაეფექტური ლიბერალური დაპირებებიდან პოლიტიკურ ზეწოლაზე გადავიდეს. ევროკავშირს არ სურს, საქართველოს დაეხსნას და ნებისმიერ ფასად აპირებს ქვეყნის ვითომდა "ევროინტეგრაციის დემოკრატიულ გზაზე" დაბრუნებას. უკვე სახეზეა ქუჩის საპროტესტო აქციების გაღვივების მცდელობები, რისთვისაც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისთვის გამოყოფილია მნიშვნელოვანი რესურსები და დაგეგმილია ანტისამთავრობო გამოსვლების თითოეული მონაწილისთვის დღიურად 120 ევრომდე ანაზღაურების გადახდა. პარალელურად ევროკავშირი ამუშავებს მეზობელ სომხეთში ევროკავშირის ქვეყნების საელჩოებიდან თბილისში ვალუტის მიწოდების სქემას იმ შემთხვევისთვის, თუ საქართველოს ხელისუფლება შეეცდება, ზემოთხსენებული დივერსიული ქმედებების დაფინანსების არხები დაბლოკოს" - ნათქვამია რუსული უწყების განცხადებაში, რომელშიც ამ ბრალდებების საფუძვლიანობის უზრუნველსაყოფად, ტრადიციულად, არც ერთი მტკიცებულება არაა მოყვანილი.
საგულისხმოა, რომ ამ განცხადებას წინ უძღოდა "ოცნების" სადავო ლეგიტიმაციის მქონე პრემიერის - ირალი კობახიძისა და მისი თანაგუნდელების სიტყვიერი თავდასხმები საქართველოში ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკიზე, უკვე ტრადიციული პროპაგანდისტული ნარატივები "დიფსთეითზე", СВР-ის მსგავსად, უსაფუძვლო ბრალდებები კრიტიკული მედიის, არასამთავრობო სექტორის, ოპოზიციის მისამართით სადავო ლეგიტიმაციის მქონე მმართველი გუნდის მიერ უკვე მიღებული და უახლოესი მომავლისთვის დაანონსებული მორიგი ანტიდემოკრატიული საკანონმდებლო ცვლილებების "საფუძვლიანობის" წარმოსაჩენად, ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა კი ამ კონტექსტში 28 თებერვლისთვის გარკვეული "მხილება" დააანონსა.
"ოცნების" მმართველი გუნდის წევრთა ამ პროპაგანდისტულ აქტივობას ზედმიწევნით ესადაგება რუსული დაზვერვის განცხადების შემდგომი ნაწილებიც, რომლებშიც, კერძოდ, ვკითხულობთ, რომ „ევროკავშირის ოფიციალურ პირებს დაევალათ, უფრო აქტიურად იმუშავონ ქართული ოპოზიციური პარტიების გაერთიანებაზე, რათა შეიქმნას ერთიანი მუშტი მმართველი „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ“, პარალელურად კი "ევროკავშირი ეცდება ანტისამთავრობო განწყობების ჩამოყალიბებას ბლოგერებში, ჟურნალისტებში, IT-სპეციალისტებსა და რუსეთიდან საქართველოში ჩასულ რელოკანტებში".
„ბრიუსელის მიერ კონტროლირებადი ქართული და ევროპული მედია არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ორიენტირებულია ამ ფოკუს-ჯგუფების „ტვინების გამორეცხვაზე“ ზღაპრებით „ერთიან ევროპასთან თანამშრომლობის სარგებლიანობასა“ და „ქართული ოცნების“ მიერ ვითომდა არჩეულ "პრორუსულ პოლიტიკურ ვექტორზე“. ევროკავშირის პროგრამის „საქართველოს ახალგაზრდობა - ევროპისთვის“ ფარგლებში ქართველ ახალგაზრდებს შესთავაზებენ 50 ათას ევრომდე გრანტს „პროგრესული“ პროექტების განსახორციელებლად და თანხების გამოყოფის მთავარი კრიტერიუმი დასავლეთის მიმართ ლოიალობაა“, — ირწმუნება СВР.