
საქართველოს პრეზიდენტი: "ქვეყანა დაცულია, განგაშის საფუძველი არ არსებობს!"
27/02/2020 13:02:52 საშინაო პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ახალი ტიპის კორონავირუსის გამო სადღეისოდ ქვეყანაში განგაშის საფუძველი არ არსებობს.
"დღეს მნიშვნელოვანია, რომ ყველა ზომა მიღებულია. საკოორდინაციო საბჭო სრულყოფილად ფუნქციონირებს და ჩვენი მოქალაქეები დაცულები არიან. საჭიროა, ყველამ დაიცვას ჰიგიენის რეკომენდირებული ზომები, რათა ვირუსი არ გავრცელდეს. ქვეყანა დაცულია: საჰაერო მიმოსვლები შეზღუდულია იმ ქვეყნებთან, სადაც საჭიროა; ის საზღვრებია ჩაკეტილი, რომელიც საჭიროა. ჩვენ სრულ იზოლაციაში არ მოვაქცევთ ჩვენს თავს - ამის საჭიროება არ არსებობს! არც იმის საჭიროება არსებობს, რომ უცებ სასურსათო მაღაზიებში შეიქმნას საგანგაშო მდგომარეობა. ჩვენ უნდა ვიყოთ პასუხისმგებლიანები, მშვიდად შევხვდეთ ამ მდგომარეობას და ვიცოდეთ, რომ ბევრია ჩვენზე დამოკიდებული, სახელმწიფო კი, თავის მხრივ, ყველაფერს აკეთებს!“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ.
ცნობისთვის: ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რაოდენობა შედარებით შემცირდა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსს 29 ადამიანი ემსხვერპლა და ყველა შემთხვევა მხოლოდ ჰუბეის პროვინციაში დაფიქსირდა. რაც შეეხება ინფიცირებულებს მათი რაოდენობაც შემცირებულია.
ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით 2 744 ადამიანი გარდაიცვალა, ინფიცირებულია 78,497.
ქვეყნის საზღვრებს გარეთ, "COVID-19"–მა 50-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდნობამ კი 81 000–ს გადააჭარბა.
საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.
იხილეთ ასევე: საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი კორონავირუსთან დაკავშირებით მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს