რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის კომპენსაციის გაცემის პირობები დაასახელა

27-02-2020 17:39:00 საგარეო პოლიტიკა

რუსეთის ხელისუფლებამ აცნობა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს იმ “სერიოზული პრობლემების” თაობაზე, რომლებიც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების კუთხით ექმნება. საუბარია რუსეთის მიერ 10 მლნ ევროს ოდენობის კომპენსაციის გაცემაზე საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც 2006 წელს ქვეყნიდან კოლექტიურად გამოაძევეს, - წერს რუსული გამოცემა «Ведомости».

2019 წლის გადაწყვეტილებით, საქართველოს ხელისუფლებას მინისტრთა კომიტეტის კონტროლქვეშ უნდა ჩამოეყალიბებინა კომპენსაციის დანაწილება-გაცემის მექანიზმი, თუმცა ეს ამ დრომდე არ გაკეთებულა, - ნათქვამია რუსეთის მიერ გადაწყვეტილების აღსასრულებლად მომზადებულ სამოქალაქო გეგმაში, რომელიც ევროპის საბჭოს გვერდზე გამოქვეყნდა და ელიან, რომ მარტში კომიტეტის სესიაზე იქნება განხილული.

რუსული გამოცემის ცნობით, საქართველოს საგარეო უწყებამ შესაბამის მიმართვას ჯერ არ უპასუხა.

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ მოსკოვს ქართული მხარისთვის 10 მლნ ევროს გადახდა 2019 წლის დასაწყისში დააკისრა. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-4 მუხლის (უცხოელთა კოლექტიური გაძევების აკრძალვა) დარღვევით დაზარალებულმა პირებმა 2000-2000 ევრო უნდა მიიღონ, ხოლო მათ, ვის მიმართაც ამასთანავე მე-5 პუნქტის პირველი (თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა) და მე-3 (პატიმრობის ღირსების შემლახველი ან არაადამიანური პირობები) მუხლი დაირღვა – 10-დან 15 ათასამდე ევრო.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსეთს 2006 წელს ქვეყნიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის კომპენსაციების გადახდა მოსთხოვა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები