02-03-2025 17:43:44 კონფლიქტები ,პოლიტიკა
ვლადიმირ პუტინმა ბადრა გუნბას რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
„გთხოვთ, მიიღოთ ჩემი გულწრფელი მილოცვა აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტად არჩევის გამო. ნების თავისუფლად გამოხატვის პირობებში ჩატარებულ არჩევნებში ამ გამარჯვებამ დაადასტურა აფხაზეთის მოქალაქეთა მიერ თქვენი კურსის მხარდაჭერა, რომელიც შიდაპოლიტიკურ სტაბილურობასა და აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზეა მიმართული. ვიმედოვნებ, რომ რუსეთსა და აფხაზეთს შორის მეგობრული, სამოკავშირეო ურთიერთობები მომავალშიც განაგრძობს გამყარებას ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ" - ნათქვამია, კრემლის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, პუტინის მილოცვაში.
ცნობისთვის: 1 მარტს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს 15 თებერვალს ჩატარებულ პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდიდატი - ოპოზიციონერი ადგურ არძინბა (36,92%) და კრემლის ფავორიტი ბადრა გუნბა (46,38%) დაუპირისპირდნენ.
ე.წ. ცსკ-ის წინასწარი მონაცემებით, მეორე ტურში ხმათა 54,73%-ით ბადრა გუნბა იმარჯვებს, მის კონკურენტ ადგურ არძინბას კი ხმების 41,54% აქვს.
აფხაზური „კონსტიტუციის“ თანახმად, ე.წ. პრეზიდენტად შეიძლება, აირჩეს მხოლოდ აფხაზური ეროვნების, 35-დან 65 წლამდე ასაკის მოქალაქე.
დე-ფაქტო პარლამენტმა ვადამდელი "საპრეზიდენტო არჩევნების" დანიშნვის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც 2020 წელს არჩეულმა ასლან ბჟანიამ "პრეზიდენტის" თანამდებობა რუსეთის მიერ ინიცირებული კანონების წინააღმდეგ აგორებული მრავალდღიანი პროტესტის ფონზე, გასული წლის 19 ნოემბერს დატოვა.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი აცხადებს, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. არჩევნების ჩატარება „ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს და საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მორიგ უხეშ დარღვევას წარმოადგენს“.