"ქართულ ოცნებაში" ბეჭდური და ონლაინმედიის რეგულაციაზე მუშაობასაც არ გამორიცხავენ

03-03-2025 15:41:42 პოლიტიკა ,საზოგადოება

სადავო პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, სადაც მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებებს განიხილავდნენ, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რომ მართალია კანონში შესატანი ცვლილებები ონლაინ და ბეჭდურ მედიას არ შეეხება, თუმცა "არსებობს დამატებითი გამოწვევა ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად" და ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელება შესაძლებელია.

"ჩვენი ცვლილებები გაზეთებს არ ეხება, და მათ შორის არ ეხება ონლაინმედიასაც და დამატებითი გამოწვევა არსებობს, თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად დამატებით გაჩნდა ინფორმაციის გავრცელების ალტერნატიული წყაროები და ის ზღვა ნიაღვარი, რომელიც მომდინარეობს სხვადასხვა პლატფორმები იქნება თუ სხვადასხვა ონლაინმედიებიდან, რა თქმა უნდა, არის გამოწვევა და დიდი ნაწილი საზოგადოებისა ინფორმაციას ამ მედიებიდან იღებენ და ჩვენ შეგვიძლია დამატებით კიდევ გავაგრძელოთ მუშაობა ამ საკითხის რეგულირებასთან დაკავშირებით, რომ ადამიანის უფლებები დაცული იყოს როგორც მაუწყებლებში ინფორმაციის გავრცელების კუთხით, ასევე ონლაინმედიის გავრცელების კუთხითაც, აქ წარმოდგენილი ცვლილებები ამ ყველაფერს არ ითვალისწინებს", - თქვა არჩილ გორდულაძემ.

ამჟამად დაგეგმილი ცვლილებებით, რომლებიც მაუწყებლობას ეხება, თითქმის სრულად იკრძალება უცხოური დაფინანსება, წესდება ახალი შეზღუდვები ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში, მკაცრდება კონტროლი და სადამსჯელო ზომები.

Новости

Другие новости