
სუბარი სოციალური ქსელების რეგულირების ინიციატივით გამოდის
04/03/2025 17:20:55 პოლიტიკა
ყოფილი სახალხო დამცველი, "ქართული ოცნების" განაყოფი „ხალხის ძალის“ წევრი სოზარ სუბარი სოციალური ქსელების რეგულირების ინიციატივით გამოდის. იდეა მან „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების განხილვისას პლენარულ სხდომაზე გააჟღერა.
სუბარი შიშობს, რომ სოციალურ ქსელებს საზოგადოებრივ აზრზე გაცილებით მეტი გავლენის მოხდენა შეუძლია, ვიდრე ტელევიზიასა და რადიოს.
„გასაგებია, რომ ამ [მაუწყებლობის შესახებ - რედ] კანონის თემა არ არის, მაგრამ დღეს ტელევიზიასა და რადიოსთან შედარებით, საზოგადოებრივ აზრზე გაცილებით მეტი გავლენა შეიძლება მოახდინოს სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა ინფორმაციამ. არსებობს ინფორმაციის სხვა საშუალებებიც, მაგრამ სოციალური ქსელები მაინც ყველაზე დიდ აუდიტორიას მოიცავს და ყველაზე ფართო გავლენის მქონეა.
კარგი იქნება, თუ დავიწყებთ მუშაობას ამ სფეროში რეგულირებაზეც, რათა ადამიანის ღირსება, პირადი ცხოვრება იყოს დაცული, ადამიანის შეურაცხყოფა იყოს დასჯადი იმ მიზნით, რომ ადამიანები დავიცვათ. ის, რაც ხდება დღეს მედიაში, ამის მოთმენა შეუძლებელია ხშირ შემთხვევაში“, — განაცხადა სოზარ სუბარმა.
4 მარტს სადავო პარლამენტში „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღეს. პროექტით, სრულად იკრძალება უცხოური დაფინანსება, წესდება ახალი შეზღუდვები ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში, მკაცრდება კონტროლი და სადამსჯელო ზომები, სუსტდება მედიის თვითრეგულირების მექანიზმი. მოლოდინს ამძიმებს უნდობლობა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიმართ.