Accentnews.ge
ბაჩიაშვილი: სისტემა რეალურად გარღვეულია, სისტემაში არსებული ხვრელები, მათ შორის ადამიანებიც გამოვიყენე

ბაჩიაშვილი: სისტემა რეალურად გარღვეულია, სისტემაში არსებული ხვრელები, მათ შორის ადამიანებიც გამოვიყენე

04/03/2025 18:35:46 პოლიტიკა

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი, რომელმაც ქვეყანა დატოვა სასამართლოს აკრძალვის მიუხედავად, არ აზუსტებს, რომელ ქვეყანაშია, თუმცა ამბობს, რომ უსაფრთხოდ გრძნობს თავს.

"ვარ უსაფრთხოდ, თუმცა უსაფრთხოების გარკვეული ზომები უნდა მივიღო პირველ ეტაპებზე",- თქვა ბაჩიაშვილმა "ტვ პირველთან" და ამ მოტივით არ დააზუსტა მისი ადგილმდებარეობა.

მას ჰკითხეს, როგორ დატოვა ქვეყანა აკრძალვის და დოკუმენტების არქონის პირობებში.

"ორივე პასპორტი ჩამორთმეული მქონდა. მინდა გითხრათ, რა ხდება იმგვარ სისტემებში, რომელსაც ივანიშვილი აშენებს: სისტემაში აღარ რჩება მოტივირებული და ჭკვნიანი ხალხი... პარტმუშაკებად არიან გადაქცეულები. პარტმუშაკები ვერ იქნებიან უშიშროების მუშაკები, პარტმუშაკები ვერ იქნებიან სასაზღვრო დაცვის მუშაკები და ა.შ. ანუ სისტემა რეალურად გარღვეულია - როდესაც ბაჩიაშვილი (მინიმუმ 7-10 მანქანა იყო გამოყოფილი, 2-2 კაცი იჯდა მანქანაში, ყველგან დამყვებოდნენ, უამრავი ვიდეო მაქვს)... სისტემა რეალურად მორყეულია, არ მუშაობს დაცულად, არის ძალიან ბევრი "ხვრელი" და ადამიანები, რომლებიც მასში არიან, არ არიან მოტივირებული, ბოლომდე კარგად გააკეთონ თავისი საქმე",- თქვა ბაჩიაშვილმა.

დამაზუსტებელ კითხვას, დაეხმარნენ თუ არა შსს-დან, მან მოკლედ უპასუხა:

"სისტემაში არსებული ხვრელები და მათ შორის ადამიანებიც გამოვიყენე".

როდესაც ადამიანებს ვერ სჯობნი ძალით, მათ უნდა აჯობო მოტივაციით და ჭკუით. ეს თვალთვალი [რომელიც მასზე ხორციელდებოდა] გამოვიყენე იმისთვის, რომ მათი ყურადღება მომედუნებინა. ისინი არ არიან მოტივირებული. ეს ხალხი დავალებებს ასრულებს, მაგრამ მის უკან რა დგას, არ უკვირდება. გახრწნილია სისტემა, გადასულია მომიტინგეების თვალთვალზე...მაინტერესებს იმ ხალხის სახეები, რომლებსაც დავალებული ჰქონდათ ჩემი თვალთვალი და რომლებსაც უნდა გაეკონტროლებინათ ჩემი გადაადგილება. თვითონ ივანიშვილს კოვზი ნაცარში ჩაუვარდა, მისი გამოძალვის გეგმა კრახით დასრულდა",-თქვა ბაჩიაშვილმა.

მან უარყო ვერსია ბიძინა ივანიშვილთან "გარიგების" შესახებ, თქვა, რომ "ეს შეუძლებელია". ასევე თქვა, რომ ქვეყანა დატოვა, მაგრამ გააგრძელებს მისი "სიმართლის ბოლომდე დამტკიცებას", ხოლო საზღვარგარეთ, სადაც "ფართო სანაცნობო წრე ჰყავს, ეცდება, "ყველა კარზე დაკაკუნებას".

"შევეცდები ყველგან გავაგებინო, მივიტანო ინფორმაცია, თუ რა ადამიანია ივანიშვილი, რა დღეშია ჩავარდნილი დღეს საქართველო",- თქვა ბაჩიაშვილმა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ბაჩიაშვილმა ქვეყანა დატოვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

„უდიდესი წუხილით და უსამართლობის განცდით ვაცხადებ, საქართველოდან ჩემი იძულებითი წასვლის შესახებ. საკუთარი სამშობლოს დატოვება არ არის მარტივი არჩევანი. მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილის კრიმინალური გეგმა ჩემთვის თავიდანვე ნათელი იყო, მე მაინც გავრისკე და ბოლომდე გავაშიშვლე მისი ნამდვილი სახე. ივანიშვილის რეჟიმი სრულიად გავიდა სამართლის და დემოკრატიის პრინციპებიდან, შესაბამისად ჩემი წასვლა არა უკან დახევა, არამედ ერთადერთი საღი გამოსავალია ჩემს წინააღმდეგ წამოყენებული მორიგი შეთითხნილი, ხანდაზმული და კანონთან შეუსაბამო პროცესი, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ივანიშვილის საქართველოში სასამართლო აღარ არსებობს.

ამ უსამართლობას ხელმძღვანელობენ სანქცირებული ივანიშვილი და მისი კრიმინალური ბანდა, მათ შორის: მოსამართლე გიორგი გელაშვილი, სასამართლოს ხელმძღვანელები მიხეილ ჩინჩალაძე და ლევან მურუსიძე, მთავარი პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი და საქმის პროკურორი მიხეილ სადრაძე. თითოეული მათგანი, ვინც ამ პოლიტიკურ რეპრესიაში და გამოძალვაშია ჩართული, უკვე სანქცირებულია ცივილიზებული სამყაროს მთავრობების მიერ. ეს არ არის სამართლებრივი სისტემა, სადაც ჭეშმარიტება იმარჯვებს და არც სისტემა, რომელიც ადამიანის უფლებებს იცავს - განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა ეჯახები ივანიშვილის კორუმპირებულ მანქანას.

გარდა ამისა, მე მივიღე სანდო ინფორმაცია ჩემს უსაფრთხოებაზე რეალური საფრთხეების შესახებ - საფრთხის, რომელსაც დღევანდელ საქართველოში შეიძლება სასიკვდილო მნიშვნელობა ჰქონდეს. ციხეში, აბსოლუტურად დაუცველი დავრჩებოდი ივანიშვილის ჯალათების პირისპირ… იმ ციხეში, სადაც ივანიშვილმა გაჭყლეტა შემომითვალა

ვუცხადებ სოლიდარობას იმ ათასობით ქართველს, ვინც უკანონოდ არიან რეპრესირებული და დატყვევებული ამ რეჟიმის მიერ და მათ, ვინც დღეს იბრძვის ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის. ჩემი წასვლა არა დანებება, არამედ გააზრებული და სტრატეგიული ნაბიჯია. ამ ბრძოლაში, ჩემი გარეთ ყოფნა გაცილებით უფრო სარგებლიანი იქნება. სამწუხაროდ, ამ არჩევანის გაკეთების საშუალება არ აქვს ათასობით ჩვენს თანამოქალაქეს ჩვენ ვერ გაგვაჩუმებენ, ჩვენ ვერ გაგვტეხენ და ვერ შეგვაჩერებენ, იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ის, რაც მათ არასდროს ექნებათ - ჩვენ გვაქვს სიყვარული!“- დაწერა ბაჩიაშვილმა.

ბაჩიაშვილს 2023 წლის ივლისიდან აკრძალული ჰქონდა ქვეყნის დატოვება და საქართველოს საზღვრის კვეთა, ასევე, ჩამორთმეული ჰქონდა პასპორტი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S