ინფექციურ საავადმყოფოში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის თანამშრომელი მოათავსეს

27-02-2020 21:17:16 საზოგადოება

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ამჟამად 21 პაციენტი იმყოფება, რომელთა შორის ერთ–ერთი სამართალდამცველია.

"ამ დროისთვის კლინიკაში 21 პაციენტი იმყოფება. ერთ–ერთი სამართალდამცველია. თუ არ ვცდები, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შემოვიდა. მას ტემპერატურა აქვს და რესპირაციული მოვლენები: სურდო, ხველა, ყელის ტკივილი. აღებულია პირველადი კვლევები და შედეგები მოგვიანებით იქნება ცნობილი", – განაცხადა საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, 21 ჰოსპიტალიზებული პაციენტიდან 5-ს ხუთს ახალი ტიპის კორონავირუსი არ დაუდასტურდა, დანარჩენების ანალიზების პასუხები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით ("COVID-19“) გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რაოდენობა შედარებით შემცირდა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსს 29 ადამიანი ემსხვერპლა და ყველა შემთხვევა მხოლოდ ჰუბეის პროვინციაში დაფიქსირდა. რაც შეეხება ინფიცირებულებს, მათი რაოდენობა 400–მდეა.

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით 2 744 ადამიანი გარდაიცვალა, ინფიცირებულია 78,497.

რაც შეეხება ქვეყნის საზღვრებს გარეთ არსებულ ვითარებას, "COVID-19“-ით ინფიცირებულთა რაოდენობა სწრაფად იზრდება სამხრეთ კორეაში, ირანსა და იტალიაში.

"COVID-19“ უკვე მსოფლიოს 45–ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც დაფიქსირდა.

იხილეთ ასევე: საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი კორონავირუსთან დაკავშირებით მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს

ახალი ამბები

სხვა სიახლეები