
ადვოკატი: მოსამართლემ მზია ამაღლობელი დატოვა დაცვის გარეშე
05/03/2025 08:24:42 საზოგადოება
მოსამართლემ მზია ამაღლობელი დატოვა დაცვის გარეშე - ასე შეაფასა სასამართლო პროცესი "ნეტგაზეთისა" და "ბათუმელების" დამფუძნებლის მზია ამაღლობელის ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის მტკიცებულებები, პატიმრობაში დატოვა ამაღლობელი, ხოლო ბრალდებას მედიამენეჯერის ტელეფონზე წვდომა მისცა.
"ისე ეშინიათ სინათლის, რომ სასამართლომ ერთიანად ამოჰაყარა ჩვენი მტკიცებულებები (50-ზე მეტი მტკიცებულება)",- თქვა მწარიაშვილმა.
"დღევანდელი პროცესი არ იყო უბრალო სასამართლო პროცესი. დღევანდელმა პროცესმა აჩვენა ჩვენი ყოფის საშინელება. ამ პროცესმა აჩვენა რა უქნეს მართლმსაჯულებას. როდესაც მოსამართლეს არ რცხვენია ადამიანებს თვალებში უყუროს და რაღაც სიყალბეები ილაპარაკოს, ეს იყო დღევანდელი სასამართლო პროცესი. მას არ აქვს გააზრებული, რა უკანონობა ჩაიდინა. მოსამართლემ მზია ამაღლობელი დატოვა დაცვის გარეშე. სასამართლომ საქმეში დატოვა, მხოლოდ შვიდი უგვანი პოლიციელის ჩვენება, რომელიც ამბობს, რომ დგებუაძეს ლოყა გაუწითლდა. მზია ამაღლობელს დაუტოვა ერთადერთი სამართლებრივი გზა - უნდა მოვიდეს და აღიაროს. ყველანაირი უფლების გარეშე დატოვა მზია. უბედურება ის არის, ნაწამები და ნაშიმშილები ადამიანი ამ სპექტაკლის საყურებლად ჩამოიყვანეს. ადამიანს არაფრის თქმის სურვილიც არ ჰონდა ამ სასამართლოში. ამ სპექტაკლისთვის წინ და უკან უნდა ატარონ, რატომ? იმიტომ, რომ დგებუაძეს სახე გაუწითლდა. მერე რა რომ ეს თავდასხმა არ იყო. ეს იყო უგვანი სასამართლო პროცესი”,- განაცხადა ადვოკატმა.
მომდევნო სასამართლო სხდომა 18 მარტს არის ჩანიშნული. ადვოკატები აპელაციაზე მუშაობენ - გაასაჩივრებენ მტკიცებულებების დასაშვებობას.