კობახიძე: ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა რეფორმებმა და იმ გარდაქმნამ, რაც უზბეკეთში ხორციელდება
05/03/2025 11:08:42 პოლიტიკა
"ქართული ოცნების" მთავრობის ხელმძღვანელი ირაკლი კობახიძე უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ აბდულა არიპოვს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ცნობების მიხედვით, შეხვედრაზე ისაუბრეს ეკონომიკურ ურთიერთობებზე, მაღალი დონის პოლიტიკურ დიალოგზე და სხვადასხვა სფეროში "პარტნიორობის გაღრმავების" პერსპექტივებზე.
"ნამდვილად შთამბეჭდავია, თუ როგორ ვითარდება ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის. სწრაფად ვითარდება თქვენი ქვეყანა. ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა რეფორმებმა და იმ გარდაქმნამ, რაც უზბეკეთში ხორციელდება თქვენი ლიდერობით",- თქვა კობახიძემ, პრეს-სამსახურის ცნობით.
მან ასევე თქვა, რომ დიდი მნიშვნელობას ანიჭებენ უზბეკეთთან თანამშრომლობას "სხვადასხვა მიმართულებით".
"რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყნებს შორის მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია. დაინტერესებულნი ვართ, სავაჭრო პარტნიორობა კიდევ უფრო გავზარდოთ ჩვენს ქვეყნებს შორის. ინვესტიციების ნაწილშიც შესაძლებელია გააქტიურება. თქვენი საინვესტიციო გარემო შეიძლება ძალიან მიმზიდველი იქნეს ქართველი ინვესტორებისთვის და საქართველოც ძალიან საინტერესო საინვესტიციო გარემოს სთავაზობს პოტენციურ ინვესტორებს. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ შუა დერეფნის განვითარებას. საქართველოს სტრატეგიული ადგილმდებარეობა აქვს და ისტორიულად აკავშირებდა ევროპასა და აზიას, დასავლეთსა და აღმოსავლეთს. გვსურს, ამ სტრატეგიული ადგილმდებარეობით მაქსიმალურად ვისარგებლოთ და ამ მიმართულებითაც ძალიან ნაყოფიერი და სასარგებლო შეიძლება იყოს თანამშრომლობა საქართველოსა და უზბეკეთს შორის“, - თქვა, მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის ცნობით, კობახიძემ.
ამავე ინფორმაციის მიხედვით, უზბეკეთის პრემიერ-მინისტრმა თქვა:
„თანამშრომლობა ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში ინტენსიურად მიმდინარეობს. ორმხრივი ვაჭრობის მაჩვენებლები იზრდება, ასევე ხორციელდება ერთობლივი პროექტები. კულტურული, ჰუმანიტარული და რეგიონთაშორისი კავშირები მტკიცდება. უზბეკეთი ყოველთვის მზადაა საქართველოსთან მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის როგორც ორმხრივი, ისე მრავალმხრივი ურთიერთობების ყველა ფორმატში. დღეს ჩვენი მთავრობების მთავარ ამოცანას წარმოადგენს იმ შეთანხმებების დროული განხორციელება, რომლებიც ეხება ახალ შეთავაზებებს ჩვენი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისთვის".
ირაკლი კობახიძემ უზბეკეთის პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მოიწვია.