
დოლიძე: მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი წუთით დეპუტატის უფლებამოვალეობა არ განმიხორციელებია, ანტიკორუფციულმა ბიურომ დამაჯარიმა
06/03/2025 11:09:02 პოლიტიკა
კოალიცია „ხალხისთვის - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ანა დოლიძე ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მას, მისივე მოთხოვნის საფუძველზე, საპარლამენტო უფლებამოსილება შეუწყვიტა, ანტიკორუფციულმა ბიურომ მაინც დააჯარიმა ქონებრივი დეკლარაციის შეუვსებლობის გამო.
დოლიძე აპირებს, ჯარიმა გაასაჩივროს.
„საქართველოს პარლამენტის წევრი არც ერთი დღე არ ვყოფილვარ და არც ხელფასი ამიღია. მე ზუსტად ისე ვაგრძელებ ჩემს საქმიანობას, რომელსაც მანამდეც ვახორციელებდი: ვკითხულობ ლექციებს, საერთაშორისო მასშტაბით საკონსულტაციო საქმიანობას ვახორციელებ.
არჩევნების შემდეგ ჩვენ მოგვეთხოვებოდა, რომ დეკლარაციები შეგვევსო, თუმცა ეს მე არ გავაკეთე, რადგან მე პარლამენტში საქმიანობა არ დამიწყია - უმალვე დავწერე განცხადება, რომ პარლამენტის წევრობა არ მინდოდა და „ქართული ოცნება“ თვითმარქვია ხელისუფლებად შევაფასე. რახან დეკლარაცია არ შევავსე, რადგან, ვიმეორებ არ განმიხორციელებია არც ერთი წუთით პარლამენტის დეპუტატის უფლებამოვალეობა, ანტიკორუფციულმა ბიურომ დამაჯარიმა. ვაპირებ, რომ ეს ჯარიმა გავასაჩივრო, მე ვარ იურისტი და ჩემს ინტერესებს მე თვითონ დავიცავ. გამოვავლენ იმ აბსურდულობას, რაზეც იხარჯება ჩვენი სახელმწიფო რესურსები“,- განაცხადა ანა დოლიძემ.