06-03-2025 17:01:55 კონფლიქტები ,პოლიტიკა
მოსკოვი რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში მოსახლეობის პასპორტიზაციის "მაქსიმალურად დაჩქარებასა და გამარტივებას" გეგმავს. ამის შესახებ კრემლის პრეს-სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა პრეზიდენტ პუტინთან ახლადარჩეული დე-ფაქტო ლიდერის - ბადრა გუნბას ამასწინანდელი შეხვედრის შედეგებზე საუბრისას განაცხადა.
გარდა ამისა, მისი ინფორმაციით, რუსეთი "ექსტრემალურ სიტუაციაში განზე ვერ დარჩება" და გუნბას თხოვნის შესაბამისად, ენერგოკრიზისში მყოფი ოკუპირებული რეგიონის ელექტროენერგიით მომარაგებას გააგრძელებს.
რაც შეეხება "რუსეთის ფედერაციის იურიდიული პირების მიერ აფხაზეთის რესპუბლიკაში საინვესტიციო პროექტების განხორციელების პირობების შესახებ" სადავო შეთანხმებას, რომელიც გასული წლის ნოემბერში ოკუპირებულ რეგიონში საპროტესტო ტალღის აგორებისა და მის ფონზე დე-ფაქტო ლიდერ ასლან ბჟანიას გადადგომის მიზეზად იქცა, როგორც კრემლის პრეს-მდივანმა აღნიშნა, პუტინისა და გუნბას შეხვედრაზე საუბარი მასაც შეეხო და სამომავლოდაც გაგრძელდება.
"[შეხვედრაზე - რედ.] იყო საუბარი ამ თემაზეც. იქნება კონსტრუქციული კონტაქტები. გათვალისწინებული იქნება ყველა მხარის ინტერესები. ვგეგმავთ ერთობლივ კონსტრუქციულ მუშაობას, რომელიც ურთერთპატივისცემასა და ურთერთსარგებლიანობას დაეფუძნება" - დასძინა მან.