
Amnesty-ის წარმომადგენელი: ბევრი პარლამენტი გვინახავს, რომელიც დრაკონულ კანონებს იღებს, მაგრამ არ მახსოვს, მენახოს პარლამენტი, რომელიც ამას ამ მასშტაბით, ასე სწრაფად აკეთებს
06/03/2025 14:10:31 პოლიტიკა
ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Amnesty International-ის რეგიონული დირექტორის დენის კრივოშეევის თქმით, მას არ ახსენდება პარლამენტი, რომელიც მსგავს დრაკონულ კანონებს "ამ მასშტაბით, ასე სწრაფად, ასე მოკლე დროში ოღებდეს", როგორც ამას ქართული ოცნების პარლამენტი აკეთებს. ამის შესახებ მან ამერიკის ხმასთან ინტერვიუში ისაუბრა.
"იმის შერჩევაც კი რთულია, საიდან დავიწყოთ. ჩვენ ამ რეგიონის შესახებ ვმუშაობთ და ბევრი პარლამენტი გვინახავს, რომელიც დრაკონულ კანონებს იღებს, მაგრამ არ მგონია მენახოს, არ მახსოვს მენახოს პარლამენტი, რომელიც ამას ამ მასშტაბით, ასე სწრაფად, ასე მოკლე დროში აკეთებს. საქართველოს ხელისუფლება ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს ისე უდგება, როგორც რაღაცას, რაც მას შეუძლია გადაწყვიტოს, როდის შეუძლია ხალხს მისი გამოყენება და როდის არა. ეს ახალი კანონმდებლობაც მსგავსია, ამის შესაბამისია. ისინი ზღუდავენ მშვიდობიანი პროტესტის უფლებას, გამოხატვის უფლებას. ჩვენ ვიხილეთ თავდასხმები მედიაზე, სამოქალაქო საზოგადოებაზე და ყველაფერი, რაც მათ სურვილს ეწინააღმდეგება, რომ საჯარო სივრცის გაკონტროლება შეძლონ, როგორც ჩანს, თავდასხმის სამიზნე ხდება. ჩვენ გვაშფოთებს იმის ნახვა თუ როგორ ამკაცრებენ ისინი წესებს, რომლებიც ისეთ რაღაცებს არეგულირებს, როგორიც საჯარო სივრცეა და ხალხის უფლება და შესაძლებლობა პროტესტის და სიტყვის თავისუფლებით ისარგებლოს. ახლა კი ვხედავთ გაზრდილ ჯარიმებს, რომლებიც აკრძალვებს უკავშირდება, რომლებიც თავადაა შერჩევითი და ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს. ვხედავთ, როგორ ზრდიან და აფართოებენ ამ დრაკონული წესების მასშტაბს და მათ გამოყენებას." - ამბობს კრივოშეევი.