თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

28-02-2020 11:00:00 საზოგადოება

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ახალი ტიპის კორონავირუსის ( "COVID-19“) მორიგი შემთხვევა ჯერ–ჯერობით არ დაფიქსირებულა.

"ამჟამად კლინიკაში 28 პაციენტი რჩება. 11 ადამიანს ახალი ტიპის კორონავირუსი ( "COVID-19“) არ დაუდასტურდა და მათ უახლოეს საათებში საკარანტინო სივრცეში გადაიყვანენ. დანარჩენების ანალიზების პასუხები მოგვიანებით გახდება ცნობილი“, – განაცხადა საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, კლინიკიდან გუშინ 6 პირი, მათ შორის ტელეკომპანია „პირველის“ თანამშრომელიც გაწერეს. ისინი საკარანტინო სივრცეში არიან გადაყვანილები.

რაც შეეხება 50 წლის მამაკაცს, რომელსაც "COVID-19“ დაუდასტურდა, ეზუგბაია თქმით, ინფიცირებულია ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ცნობისთვის: ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რაოდენობა შედარებით შემცირდა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსს 44 ადამიანი ემსხვერპლა და ყველა შემთხვევა მხოლოდ ჰუბეის პროვინციაში დაფიქსირდა. რაც შეეხება ინფიცირებულებს მათი რაოდენობა 327- მდე შემცირდა.

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით 2 788 ადამიანი გარდაიცვალა, ინფიცირებულია 78,824.

ქვეყნის საზღვრებს გარეთ, ვირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის იტალიაში, ირანსა და სამხრეთ კორეაშია. "COVID-19"–მა 50-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდნობამ კი 83 000–ს გადააჭარბა.

საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

იხილეთ ასევე: საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი კორონავირუსთან დაკავშირებით მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს

ახალი ამბები

სხვა სიახლეები