
სპეციალური საგამოძიებო სამსახური: არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ცოლზე ძალადობისა და მუქარისთვის სამართალდამცველს ბრალი წარედგინა
07/03/2025 07:02:09 სამართალი
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ცოლზე ძალადობისა და მუქარისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელს ბრალი წარედგინა.
"ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ სამართალდამცავი ეჭვიანობის ნიადაგზე, მეუღლის მიმართ აგრესიას გამოხატავდა და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა. კერძოდ, 2024 წლის ივლისში ბრალდებულს და დაზარალებულს სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდათ, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. ბრალდებულმა არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, დაზარალებულ ქალს სხეულის სხვადასხვა მიდამოში რამდენჯერმე დაარტყა ხელი და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. ძალადობის შედეგად, დაზარალებულმა დაზიანებები მიიღო.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებულის მომართვის საფუძველზე, გამოძიება აწარმოვა. გამოიკითხა დაზარალებული, რომელსაც ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზა. აგრეთვე გამოიკითხა დაზარალებულის ოჯახის წევრები და საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირები; ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი და მოპოვებული იქნა დანაშაულში მამხილებელი სხვა მტკიცებულებები, რის საფუძველზეც, არასრულწლოვანის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის სამი ეპიზოდისთვის და მუქარის ფაქტზე, საქართველოს პროკურატურის მიერ გამოტანილი დადგენილების საფუძველზე, სამართალდამცავს ბრალდება წარედგინა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით აგრძელებს.
დანაშაული თავისუფლების 3 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს", – ნათქვამია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021