Accentnews.ge
აფხაზური პოლიტიკური კარანტინი

აფხაზური პოლიტიკური კარანტინი

28/02/2020 08:04:59 კონფლიქტები

ორ დღეში, 1 მარტიდან აფხაზეთის ოკუპირებული რეგიონის მასშტაბით კარანტინი ამოქმედდება, რომელიც, წინასწარი ინფორმაციით, 7 აპრილამდე გასტანს. ეს გადაწყვეტილება დე ფაქტო ხელისუფლებამ სქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ახალი ტიპის კორონავირუსის პირველივე შემთხვევის დაფიქსირების შემდეგ მიიღო.

უნდა აღინიშნოს, რომ დე ფაქტო საზღვრებზე კონტროლის გამკაცრების პირველი გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 7 თებერვალს იქნა მიღებული – როგორც კი მედიაში გაჩნდა ინფორმაცია ვირუსის ევროპის რიგ ქვეყნებსა და რუსეთში გამოვლენის შესახებ. ხოლო მას შემდეგ, რაც პირველი შემთხვევა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეც დადასტურდა, მიღებული ზომები არასაკმარისად ჩაითვალა და კარანტინი გამკაცრდა, - ასე განემარტა დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებები ადგილობრივ მოსახლეობას და ყველა დანარჩენს.

თუმცა ირკვევა, რომ ამ კარანტინს, რბილად რომ ვთქვათ, უცნაური სახე აქვს და აშკარად პოლიტიკური ელფერი დაკრავს.

კერძოდ, თუ თავიდან აფხაზეთში შესვლა მხოლოდ ხუთი ქვეყნის (ყირგიზეთი, ჩინეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი და კორეა) მოქალაქეებს ეკრძალებოდათ, ახლა ეკრძალება ყველას, გარდა იმ აღიარებული თუ არაღიარებული ქვეყნების მოქალაქეებისა, რომლებთანაც ოკუპირებულ აფხაზეთს ე.წ. უვიზო რეჟიმი გააჩნია, ანუ რომელთაც მისი “დამოუკიდებლობა” აქვთ აღიარებული (რუსეთი, ნიკარაგუა, ტუვალუ, არაღიარებული დნესტრისპირეთისა და ე.წ. “სამხრეთ ოსეთის” რესპუბლიკები)…. არადა, მართალია, ტუვალუდან და ნიკარაგუადან ცნობები ჯერ არ მოსულა, მაგრამ რუსეთში ახალი ტიპის კორონავირუსი საქართველოზე საგრძნობლად ადრე დადასტურდა….

ასეა თუ ისე, დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს უცხოეთის მოქალაქეებზე და “აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეობის”არმქონე პირებზე ე.წ. ვიზების გაცემის შეჩერება დაევალა. რაც შეეხება მათ, ვისაც ე.წ. ვიზა კარანტინის გამკაცრებამდე ჰქონდა მიღებული, დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა დაურ კოვემ ვითარება ასე განმარტა:

«ჩვენთან უცხოეთის მოქალაქეები ანკეტის შევსებისა და შემოსვლის ნებართვის მიღების შემდეგ შემოდიან, ხოლო უკვე ჩვენს ტერიტორიაზე იღებენ ვიზას და იხდიან მის გადასახადს. იმ უცხოელებს, რომელთაც შემოსვლის ნებართვა გაეგზავნათ, თუმცა ახლა შეზღუდვებში მოყვნენ, დაეგზავნებათ ინფორმაცია შემოღებული შეზღუდვების შესახებ. ხოლო უკვე ჩვენს ტერიტორიაზე მყოფ უცხოელებს აქ არავინ შეაჩერებს – შეუძლიათ, დაუბრკოლებლად დატოვონ აფხაზეთი, თუმცა კარანტინის პერიოდში შემოსვლას ვეღარ შეძლებენ. თავად აფხაზეთის მოქალაქებს ჩვენ აქ ვერც შემოსვლას შევუზღუდავთ, ვერც გასვლას. ერთადერთი, რაც შეგვიძლია, ისაა, რომ ვურჩიოთ, თავი შეიკავონ იმ ქვეყნებში გამგზავრებისგან, სადაც კორონავირუსია გავრცელებული».

დე ფაქტო მიგრაციის სამსახურს აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთიდან შემოსული და რუსეთში მიმავალი უცხოელების აღრიცხვა დაეკისრა.

«ფსოუს” გამშვებ პუნქტზე აფხაზ მესაზღვრეებთან ერთად ვდგავართ. ჩვენთან - მიგრაციის სამსახურში ცვლა ოთხი კაცისგან შედგება და მეც იქ ვარ დილიდან ღამემდე, ანუ ჩვენი სამსახურის ხუთი წარმომადგენელი მუდმივად ადგილზე იმყოფება. ვამოწმებთ ყველა მანქანას, საბუთებს და ვინც შეზღუდვებს ექვემდებარება, კვლავ რუსეთის ფედერაციისკენ ვაბრუნებთ. 7 თებერვლიდან დღემდე 127 უცხოელი გავაბრუნეთ – უმთავრესად უზბეკეთის, ტაჯიკეთის, კორეის მოქალაქეები, იყო ერთი იტალიელიც. საზღვარზე მოწმდება უკლებლივ ყველა შემომავალი ავტომობილი – ამას დაცვის სახელმწიფო სამსახური უზრუნვეყოფს» - განაცხადა დე ფაქტო მიგრაციის სამსახურის უფროსის მოადგილემ ვიაჩესლავ ბგანბამ.

მისივე თქმით, ამჟამად აფხაზეთის ტერიტორიაზე მყოფი შრომითი მიგრანტები, რომელთაც საბუთები წესრიგში აქვთ, დაუბრკოლებლად შეძლებენ ოკუპირებული ტერიტორიიდან რუსეთში გასვლას და უკან დაბრუნებას, თუმცა მათ, ვინც აფხაზეთში “ლეგალიზებული” არ არის, რუსეთიდან ოკუპირებულ ტერიტორიაზე არ შეუშვებენ.

რაც შეეხება საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიასთან საზღვარს, უკვე აფხაზეთში მყოფ მოქალაქეებს, რომელთაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესასვლელად ადრე გაცემული ე.წ. სპეცსაშვები და სხვა მსგავსი დოკუმენტები გააჩნიათ, ენგურზე არსებული ე.წ. გამშვები პუნქტის გადაკვეთის შესაძლებლობას მისცემენ, თუმცა ახალი საშვების გაცემა 7 აპრილამდე აღარ იწარმოებს.

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებში გამოიყენება

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S