
კორონავირუსმა ცხინვალს კვლავ თბილისის ლუგარის ლაბორატორია გაახსენა
28/02/2020 08:44:24 კონფლიქტები
მსოფლიოს მასშტაბით გავრცელებულმა ახალი ტიპის კორონავირუსმა, რომლის პირველი შემთხვევები ჩინეთში გამოვლინდა, ცხინვალს კვლავ თბილისის რიჩარდ ლუგარის სახელობის კვლევითი ლაბორატორია გაახსენა. დე ფაქტო საგარაო უწყებამ ამასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
«კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ განსაკუთრებულ შეშფოთებას საქართველოში მოქმედი ამერიკული ლაბორატორიის გამო, რომლის საქმიანობა გასაიდუმლოებულია და რეალურ საფრთხეს უქმნის არა მარტო სამხრეთ ოსეთის, არამედ მთელი რეგიონის უსაფრთხოებას. სწორედ ამ ლაბორატორიაში ტარდება ტესტები კორონავირუსის გამოსავლენად” – ნათქვამია განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ 2011 წელს ლაბორატორიის გახსნის დღიდან რუსულ მედიაში აქტიურად მუსირებს დეზინფორმაცია ლუგარის სახელობის ლაბორატორიაში ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის შექმნის შესახებ. ანალოგიური განცხადებები არაერთგზის გაუკეთებიათ რუს ჩინოსნებსაც და მათ კვალდაკვალ ცხინვალს.
ცნობისთვის: თბილისის რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორიის თემას კრემლი ანტიქართული პროპაგანდისთვის პერიოდულად იყენებს. და ეს - მიუხედავად არაერთი საერთაშორისო დასკვნისა და ლაბორატორიაში ჩატარებული არაერთი ჟურნალისტური თუ სამეცნიერო ექსპედიციისა, რომლებმაც მასში საშიში და საზიანო ვერაფერი გამოავლინეს. პირიქით.
ასე, მაგალითად, ექსპერტთა 23-კაციანმა საერთაშორისო ჯგუფმა ერთხმად განაცხადა, რომ ეს ლაბორატორია "აბსოლუტურად გამჭვირვალეა, მოქმედებს საერთაშორიო სტანდარტების პრინციპით და, რაც მთავარია, მასში გარდა ლაბორატორიულისა (რომელიც საჭიროა დაავადებათა პრევენციისთვის, ადრეული გამოვლენისთვის, ადამიანთა დაცვისთვის), სხვა სამუშაოები არ წარმოებს“.
რუსული პოლიტიკური ელიტისა და სახელმწიფო უწყებების ბოლოდროინდელი განცხადებების პირველწყაროდ ყოფილი ქართველი მინისტრი იგორ გიორგაძე სახელდებოდა, თუმცა მანაც BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში აღიარა, რომ ლუგარის ლაბორატორიაში "ადამიანებზე ექსპერიმენტების წარმოების დამადასტურებელი დოკუმენტები არ აქვს".
იხილეთ ასევე: ცხინვალის რეჟიმმა თბილისისკენ ყველა გადმოსასვლელი ჩაკეტა