
სასამართლომ ბაჩიაშვილს „კრიპტოვალუტების საქმეზე“ საბოლოო სიტყვაზე უარი განუცხადა
10/03/2025 08:05:42 სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლომ თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილ გენერალურ დირექტორს გიორგი ბაჩიაშვილს, რომელმაც ქვეყანა უნებართვოდ, მალულად დატოვა,„კრიპტოვალუტების საქმეზე“ სასამართლო პროცესზე საბოლოო სიტყვით სარგებლობაზე უარი განუცხადა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი გელაშვილმა მიიღო. როგორც მან აღნიშნა, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბაჩიაშვილის ნებისმიერი ფორმით სხდომაზე მონაწილეობის მიღება აღკვეთის ღონისძიების მიზნებს დაარღვევდა.
ცნობისთვის: გიორგი ბაჩიაშვილს ორ საქმეზე – „კრიპტოვალუტების მითვისების“ საქმესა და „მტკვარი ჰესის“ საქმეზე აქვს ბრალი წაყენებული.
გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ პირველი საქმე "ქართული ოცნების" დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის განცხადების საფუძველზე 2023 წლიდან არის აღძრული. პროკურატურა გიორგი ბაჩიაშვილს 39 215 820 აშშ დოლარის ბიტკოინის მითვისებას ედავება. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ 2023 წლის 6 ივლისს აღკვეთის ღონისძიებად 2,5 მლნ ლარის გირაოს გადახდა შეუფარდა.„მტკვარი ჰესის“ საქმეზე, ბიზნესმენს ბრალი 2025 წლის 25 თებერვალს წაუყენეს და ამ შემთხვევაშიც გირაო შეუფარდეს - ამჯერად 50 000 ლარი.
ახალი ბრალდების თანახმად, გიორგი ბაჩიაშვილს ედავებიან ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდში გენერალური დირექტორის თანამდებობაზე „სამსახურეობრივი მოვალეობის შეუსრულებლობას“.
„კრიპტოვალუტების საქმეზე“ მას 9-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა, „მტკვარი ჰესის“ საქმესთან დაკავშირებით წარდგენილი ბრალდება კი 2-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ბაჩიაშვილმა ქვეყანა 2 მარტს უნებართვოდ დატოვა.
სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილს 2,5-მილიონიანი გირაო პატიმრობით შეუცვალა. შედეგად, ის უძრავი ქონება, რაც ბაჩიაშვილის 2,5 მილიონი ლარის ოდენობის გირაოს უზრუნველსაყოფად იყო დაყადაღებული, „თანხის ამოღების მიზნით“ აღსრულების ეროვნულ ბიუროს გადაეცემა.
5 მარტს ბაჩიაშვილს ახალი ბრალი წარუდგინეს - საზღვრის უკანონო კვეთა - და ამ საქმეზეც პატიმრობა შეუფარდეს.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021