ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის დამრღვევი ლუკაშენკო, რომელსაც აფხაზეთში მრავალმილიონიანი ბიზნესი აქვს, "ოცნებას" აქებს: "საქართველოსთან არანაირი პრობლემა არ გვაქვს!"

11-03-2025 17:31:41 პოლიტიკა

პუტინის რუსეთის მოკავშირე ბელორუსი ავტორიტარი ლიდერი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის დამრღვევი ალექსანდრე ლუკაშენკო, რომელიც რუსეთთან "საკავშირო სახელმწიფოს" ქმნის და რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში მრავალმილიონიან საოჯახო ბიზნესს აწყობს, საქართველოს სადავო ლეგიტიმაციის მქონე მმართველ გუნდ "ქართულ ოცნებას" "ქვეყნის სუვერენიტეტისა და სახელმწიფოებრიობის დაცვისათვის" აქებს და აცხადებს, რომ "საქართველოსთან არანაირი პრობლემები არ აქვს". ამის შესახებ მან ბელარუსში საქართველოს ელჩისგან - საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული გიორგი საგანელიძისგან რწმუნებათა სიგელის მიღებისას განაცხადა.

"ჩვენ ძალიან მაღალ შეფასებას ვაძლევთ და მხარს ვუჭერთ საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯებს ქვეყნის სუვერენიტეტისა და სახელმწიფოებრიობის დასაცავად, რაც ცალსახად თანხვედრაშია ჩვენს მიდგომებთან. თქვენ უნდა განაგრძოთ საქართველოში ის, რასაც აკეთებთ - ყველაფერი ის, რაც ქართველი ხალხის ინტერესშია. ბელორუსებისა და ქართველების ურთერთპატივისცემისა და მეგობრობის ტრადიციები, ისტორიის საერთო ფურცლები მყარი საფუძველია ჩვენს ქვეყნებს შორის ყოველმხრივი სრულფასოვანი თანამშრომლობის განსაახლებლად. იცოდეთ, რომ ჩვენი კარი თქვენთვის ყოველთვის ღიაო იყო და ღიაა" - მიმართა ელჩს ლუკაშენკომ და იქვე დასძინა, რომ "საქართველოსთან არანაირი პრობლემები არ არსებობს"..

თავის მხრივ, გიორგი საგანელიძემ განაცხადა, რომ ელჩის მოვალეობის შესრულებას :საუკეთესო განწყობით" იწყებს" და რომ "საქართველოს მიმართ ბელორუსი ხალხის დამოკიდებულება ყოველთვის იყო და რჩება ძალიან თბილად და მეგობრულად".

"არსებობს ურთერთგაგება იმისა, რომ აუცილებელია ჩვენი მეგობრული ხალხების დაახლოებადა თანამშრომლობის განვითარება. ვაცნობიერებთ, რომ დროება რთულია. შესაბამისად, აუცილებელია შეხების წერტილების ძებნა და ორმხრივი ურთერთობების განვითარება იმ მიმართულებებით, რომელიც ორივე ქვეყნის ინტერესებშია. ორ ქვეყანას შორის ურთერთობების უწინდელ ნიშნულზე დასაბრუნებლად საჭიროა გარჯა და ორმხრივი ძალისხმევა, მაგრამ ორივე ქვეყნის ხელმძღვანელობა განწყობილია საამისოდ და ვფიქრობ, ჩვენ ეს გამოგვივა", — განაცხადა საქართველოს ელჩმა.

ცნობისთვის: "ოცნების" სადავო ლეგიტიმაციის მქონე გუნდის მიერ პრეზიდენტად ხელდასმულმა ასევე სადავო ლეგიტიმაციის მქონე მიხეილ ყაველაშვილმა ამასწინათ კვლავ გაპრეზიდენტებულ ავტორიტარ ლუკაშენკოს "არჩევნებში გამარჯვება" გულითადად მიულოცა და წარმატებები უსურვა. არანაირი პროტესტი ლუკაშენკოს მიერ ოკუპირებული ტერიტორიების შსახებ ქართული კანონის დარღვევისა და რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში მსხვილი ბიზნესის წამოწყების გამო ქართულ მხარეს ლუკაშენკოსთვის საჯაროდ არ გამოუთქვამს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები