სააკაშვილი: "მოვუწოდებ დე ფაქტო ხელისუფლებას, "სასამართლოს" განაჩენის გამოცხადება ჩემი ავადმყოფობის გამო გადაიტანონ"

11-03-2025 20:25:49 პოლიტიკა

"მოვუწოდებ დე ფაქტო ხელისუფლებას, ჩემს საქმესთან დაკავშირებული "სასამართლოს" განაჩენის გამოცხადება, გადაიტანონ ჩემი ავადმყოფობის გამო", - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

სააკაშვილის თქმით, მისი სურვილია, პროცესს დაესწროს.

„მოვუწოდებ დე ფაქტო ხელისუფლებას, ჩემს საქმესთან დაკავშირებული "სასამართლოს" განაჩენის გამოცხადება, გადაიტანონ ჩემი ავადმყოფობის გამო, რასაც დაგიდასტურებენ ჩემი მკურნალი ექიმები. ვინაიდან მაქვს სურვილი ვესწრებოდე აღნიშნულ სხდომას“, - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში.

ცნობისთვის: სააკაშვილს 6-წლიანი პატიმრობა უკვე მისჯილი აქვს სანდრო გირგვლიანის მკვლელობისა და ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე, რასაც იგი სხვა ბრალდებებთან ერთად პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს. სააკაშვილი ასევე ბრალდებულია ტელეკომპანია „იმედის“ 2007 წლის დარბევის საქმეზე. ამასთან, მას ბრალი აქვს წაყენებული „დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვაში“, რასაც მისი მომხრეები ხშირად „პიჯაკების საქმეს“ უწოდებენ. ამ საქმეზე მასთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშია. სწორედ ამ საქმეზე დაასრულა თბილისის საქალაქო სასამართლომ განხილვები და 10 მარტს მოსამართლე ბადრი კოჭლამაზიშვილი სათათბიროდ გავიდა. გარდა ამისა, მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომლის თანახმად, მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის საქმესთან დაკავშირებით მოსამართლემ განაჩენი შესაძლოა, 14 მარტს გამოაცხადოს.

სააკაშვილი, რომელიც 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მალულად ჩამოვიდა უკრაინიდან, პირველ ოქტომბერს დააკავეს. იგი მას შემდეგ პატიმრობაშია. 2022 წლის 12 მაისს იგი რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს, სადაც დღემდე აგრძელებს მკურნალობას.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები