ცხინვალმა "საქართველოს მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ძალის არგამოყენების შესახებ შეთანხმებაზე" მუშაობა განაახლა

12-03-2025 01:22:17 კონფლიქტები

ცხინვალში "საქართველოს მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ძალის არგამოყენების შესახებ შეთანხმებაზე" მუშაობა განაახლეს.

"ჩვენ კვლავ ვახორციელებთ მცდელობას, ამ პროექტს დავუბრუნდეთ, შევავსოთ იგი და დავხვეწოთ. ჩვენი მიზანია, შევქმნათ სრულფასოვანი პოლიტიკური დოკუმენტი, რომელიც გარანტია გახდება საქართველოს მიერ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დავებში ძალის, როგორც არგუმენტის არგამოყენებისა. ვიმედოვნებთ. რომ ახალი დოკუმენტის პროექტზე მუშაობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მომდევნო რაუნდზევე დაიწყება. არ ვფიქრობთ, რომ ეს იქნება სწრაფი და მარტივი პროცესი, მაგრამ იგი აუცილებელია" - განაცხადა რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო პრეზიდენტის მრჩეველმა კონსტანტინე კოჩიევმა.

მისივე თქმით, მსგავს პროექტზე მუშაობა 2017 წლიდან მიმდინარეობდა, "მოსკოვმა, ცხინვალმა და სოხუმმა რამდენიმე პროექტი მოამზადეს, მაგრამ თბილისი მის ხელმოწერას ყოველმხრივ არიდებდა თავს, ბოლოს რუსულმა მხარემ წარმოადგინა წინადადება, პირველ ნაბიჯად ყველა მონაწილე მხარეს გაეფორმებინა ერთობლივი განცხადება ძალის არგამოყენების პრინციპის შესახებ, თუმცა ქართულმა მხარემ ასეთი პოლიტიკური დოკუმენტის ხელმოწერაზეც კი კატეგორული უარი განაცხადა. ეს იყო 2017 წლის დეკემბერში და მას შემდეგ ვერა და ვერ დავუბრუნდით ამ პროექტს იმ პოზიციის გამო, რომელსაც ქართული მხარე იკავებდა", - განმარტა კოჩიევმა.

ცნობისთვის: ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 63-ე რაუნდი 4-5 მარტს ჩატარდა, მომდევნოს თარიღი კი ჯერ არაა დაზუსტებული.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები