სააკაშვილი - პატიმრობის გახანგრძლივებაზე: დამპყრობლის ნება აღსრულდა

12-03-2025 14:32:37 პოლიტიკა

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „დამპყრობლის ნების აღსრულებად“ აფასებს მის წინააღმდეგ მორიგ საქმეზე პატიმრობის მისჯას და პატიმრობის 2030 წლამდე გახანგრძლივებას.

„რამხელა სიურპრიზია ოლიგარქის განაჩენი, არა“? - წერს ის ფეისბუქზე.

„დამპყრობლის ნება პირდაპირ აღსრულდა, ეს არის მათი პასუხი იმაზე რომ არ ჩავაბარე საქართველო, იმისთვის რომ პირველად საუკუნეების განმავლობაში გავბედეთ და ჩამოვაყალიბეთ წარმატებული ქართული სახელმწიფო“, - დაწერა სააკაშვილმა განაჩენის გამოცხადების შემდეგ.

სააკაშვილს, რომელსაც 6-წლიანი პატიმრობა უკვე ჰქონდა მისჯილი, 12 მარტს დიდი რაოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე 9 წელი მიუსაჯეს.

„მას შემდეგ რაც ვერაფერი ვერ მიპოვეს, პრაქტიკულად სამუდამო პატიმრობა მომისაჯეს საპრეზიდენტო ოფისის ოფიციალური ხარჯებისთვის. ასე ისჯება ივანიშვილის მაფიოზური კლანის მიერ ქვეყნისთვის თავდადება და სამშობლოს სიყვარული“, - წერს სააკაშვილი და დასძენს, „ვერ დაგვაშინებენ! ძალა ერთობაშია“!

სასამართლომ დღევანდელ სხდომაზე ამავე საქმეზე ბრალდებულ თეიმურაზ ჯანაშიას, - სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს, - ჯარიმა მიუსაჯა 300 000 ლარის ოდენობით.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები