ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების დაიჯესტი - 6-9 მარტი

12-03-2025 15:19:09 კონფლიქტები

ბადრა გუნბამ თბილისთან ურთიერთობების ნორმალიზების წინაპირობა დაასახელა

არჩეული დე ფაქტო პრეზიდენტის რანგში რუსეთში პირველი ვიზიტის დროს ბადრა გუნბამ ინტერვიუ მისცა რუსულ საინფორმაციო სააგენტო „ტასს“-ს, სადაც სხვა საკითხებთან ერთად თბილისთან ურთიერთობებზე ისაუბრა. კერძოდ, მან განაცხადა, რომ „ქართულ-აფხაზური ურთიერთობების დარეგულირება მხოლოდ საქართველოს მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების, ასევე ძალის გამოუყენებლობის შესახებ ფუნდამენტური დოკუმენტის ხელმოწერის პირობებში იქნება შესაძლებელი“.

„ჩვენ უნდა დავინახოთ, რომ საქართველო ნამდვილად მზადაა მსგავსი ნაბიჯების გადასადგმელად. ადრე თუ გვიან, ჩვენს მეზობლებს მოუწევთ იმ რეალობასთან შეგუება, რომელშიც ვიმყოფებით“, - განაცხადა გუნბამ.

ამავე კონტექსტში, ახალმა ლიდერმა ხაზი გაუსვა აფხაზეთსა და რუსეთს შორის ისტორიულ და კულტურულ კავშირებს, მადლობა გადაუხადა რუსეთს მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ აფხაზეთის „სახელმწიფოებრიობის“ აღიარების საკითხიც სწორედ მოსკოვთან მჭიდრო თანამშრომლობით უნდა მოგვარდეს.

საინვესტიციო შეთანხმებაზე საუბრისას, რომლის განხილვას აფხაზეთში დიდი ვნებათაღელვა და ყოფილი ლიდერის, ასლან ბჟანიას გადადგომა მოჰყვა, გუნბამ განაცხადა, რომ ის პირვანდელი სახით მიღებული არ იქნება. „მიმაჩნია, რომ გარკვეულწილად ამ საკითხის პოლიტიზება მოხდა, გარკვეულწილად კი იმან ითამაშა როლი, რომ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ შეთანხმების დადებითი მხარეები საზოგადოებამდე სათანადოდ ვერ მიიტანა. თუმცა თუ საზოგადოება ამბობს, რომ ჩვენ ასეთი შეთანხმება არ გვჭირდება, მაშინ, როგორც პასუხისმგებელმა პირმა, აუცილებელია, მოვუსმინო ჩვენი ხალხის აზრს. მე ჩემი ინიციატივით მივმართე რუს კოლეგებს, რომ ასეთი გადაწყვეტილებები ამ სახით არ მიეღოთ. ჩვენი რუსი კოლეგები ამ საკითხს გაგებით მოეკიდნენ“, - განაცხადა ბადრა გუნბამ.

მისივე თქმით, „აფხაზეთის სუვერენიტეტის დაკარგვის საფრთხე არ არსებობს და ვერც იარსებებს“. „აფხაზმა ხალხმა საკუთარი მომავალი უკვე განსაზღვრა… 5 მარტს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან გამართული ჩემი შეხვედრა კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ რუსეთის ფედერაცია პატივს სცემს ჩვენს დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს“, - დასძინა მან.

რუსეთმა ცნობილი აფხაზი ჟურნალისტი უცხოურ აგენტად გამოაცხადა

7 მარტს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ინალ ხაშიგი უცხოური აგენტების რეესტრში შეიყვანა.

ინალ ხაშიგი ოკუპირებულ აფხაზეთში ცნობილი ჟურნალისტი და რედაქტორია. ის გაზეთ „ჩეგემსკაია პრავდას“ დამფუძნებელია და მოწვეულ სტუმრებთან ერთად აქტიურად მონაწილეობს რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ პროცესებზე განხილვაში. აღსანიშნავია, რომ ინალ ხაშიგი ღიად ეწინააღმდეგებოდა რუსეთის ბოლოდროინდელ ინიციატივებს, მათ შორის აპარტამენტების მშენებლობასა და საინვესტიციო შეთანხმებასთან დაკავშირებით.

რუსეთის იუსტიციის სამინისტროს თანახმად, ინალ ხაშიგი ავრცელებდა არასწორ ინფორმაციას რუსეთის სახელმწიფო ორგანოების გადაწყვეტილებების და პოლიტიკის, ასევე საარჩევნო სისტემის თაობაზე და ამასთან უცხოელ პოლიტიკურ მოღვაწეებთან თანამშრომლობდა.

თავად ჟურნალისტი აცხადებს, რომ ყოველთვის მხოლოდ აფხაზეთის თემებზე წერდა და ვერ ხვდება, რა გახდა რუსეთის იუსტიციის სამინისტროსთვის მიუღებელი. „როგორც ჩანს, აფხაზეთის სუვერენიტეტზე საუბარი ახლა უკვე აჯანყებად მიიჩნევა,“ - ამბობს ინალ ხაშიგი. ხაშიგის თქმით, მის საქმიანობაზე აგენტის სტატუსი არ აისახება და იგი აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებზე წერას მომავალშიც განაგრძობს.

ამავდროულად, ხაშიგი უკმაყოფილებას გამოთქვამს დე ფაქტო ხელისუფლების დუმილის გამო და მას ნებისმიერი რეაგირებისკენ მოუწოდებს.

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთმა აფხაზეთის მაცხოვრებლები პოლიტიკური ნიშნით დასაჯა. მანამდე, რუსეთის მოქალაქეობა ოპოზიციის ორ ლიდერს, კან კვარჩიასა და ლევან მიქაას ჩამოერთვა, ხოლო კრიტიკულად განწყობილ აფხაზ მუსიკოსს ბარას კუჯბას 10 წლით რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალა. თუმცა ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მოქალაქეს უცხოური აგენტის სტატუსი მიენიჭა.

აფხაზეთში დე ფაქტო არჩევნების დღეს მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმაში მონაწილეობის ბრალდებით 10 პირი დააკავეს

აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებით, 1 მარტს გაგრის რაიონში ერთ-ერთ „საარჩევნო უბანზე“ მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმასთან დაკავშირებით, 10 ადამიანია დაკავებული. დაკავებულთა შორის "პრეზიდენტობის" ოპოზიციონერი კანდიდატის, ადგურ არძინბას ნათესავებიც ფიგურირებენ.

"ამოღებულია დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი - ავტომატები, პისტოლეტები, ხელყუმბარები და ბოროტმოქმედებების კუთვნილებაში არსებული სხვა საბრძოლო მასალა" - ნათქვამია დე-ფაქტო უწყების განცხადებაში.

მანამდე, სოციალურ მედიაში გავრცელდა ვიდეო-კადრები, რომლებშიც ჩანდა, რომ სამძებრო სამუშაოების დროს სამართალდამცველები გზაზე მიმავალ ავტომობილებს ესროდნენ. თავად დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრმა რობერტ კიუტმა განაცხადა, რომ „თანამშრომლები მილიციის შესახებ კანონის შესაბამისად მოქმედებდნენ“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები