გიორგი ჩიკვაიძემ შიმშილობა დაიწყო: "ყველა ვინც დუმხართ, ხართ ამ პროცესის მონაწილე"

12-03-2025 19:33:57 სამართალი

ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძემ, რომელიც გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზში დააპატიმრეს, შიმშილობა დაიწყო, – იუწყება "რადიო თავისუფლება".

როგორც გამოცემა იტყობინება, ამის შესახებ ჩიკვაიძე წერს ციხიდან გამოგზავნილ წერილში, რომელიც "რადიო თავისუფლებას" მისმა ძმამ, დიმიტრი ჩიკვაიძემ მიაწოდა.

„მე არ შევეგუები ამ სისტემის მიერ ჩაგვრას! დღეიდან გადავდივარ სრულ შიმშილობაზე.

ამჯერადაც ვიქნები გამორჩეული ჩემს პრინციპულობაში, თუნდაც ეს დამიჯდეს სიცოცხლის ფასად, ამას გავაკეთებ ჩემი ქვეყნის სიყვარულისთვის“, - წერს, "რადიო თავისუფლების" ცნობით, გიორგი ჩიკვაიძე.

იგი მიმართავს ოჯახის ახლობლებსა და ნაცნობებს:

„ყველა ვინც დუმხართ, ხართ ამ პროცესის მონაწილე. მეგობრებო, არ გაჩერდეთ. ბრძოლა გრძელდება გამარჯვებამდე“.

ცნობისთვის: 11 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ იზა კელენჯერიძემ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და თანხების უკანონოდ მითვისება-გაფლანგვის საქმეზე ბრალდებულ ბიზნესმენს გიორგი ჩიკვაიძეს აღკვეთის ღონისძიება - გირაო, პატიმრობით შეუცვალა. მის ბიზნესპარტნიორ ირაკლი პაპიაშვილს კი გირაო ძალაში დაუტოვა.

ბიზნესპარტნიორების, გიორგი ჩიკვაიძისა და ირაკლი პაპიაშვილის წინააღმდეგ პროკურატურამ საქმე აღძრა მათი ყოფილი კლიენტის, სამშენებლო კომპანია ETS Building-ის მფლობელის, ელგუჯა თურმანიძის მიმართვის საფუძველზე. ბიზნესმენებს ფულის მითვისება-გაფლანგვას ედავებიან.

ETS Building-ის ადვოკატებმა 16 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე აღწერეს, რა უძღოდა 2024 წლის იანვარში ჩიკვაიძის წინააღმდეგ პროკურატურაში მათი საჩივრის შეტანას. ვიტალი ხალვაშის თქმით, გიორგი ჩიკვაიძის კომპანიას, „რამზეს ჯორჯიან იახტინგ პლათფორმს“, გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით, 1 155 019 ლარის სანაცვლოდ უცხოეთიდან იახტა უნდა ჩამოეყვანა „ელთ ბილდინგისთვის“. ადვოკატის განცხადებით, ჩიკვაიძის კომპანიას თანხა ოთხ ტრანშად ჩაურიცხეს, თუმცა მან იახტის ჩამოყვანა ვერ უზრუნველყო, ხოლო თანხა საკუთარ საჭიროებებზე დახარჯა - მათივე თქმით, უკან დაუბრუნდათ მხოლოდ 50 000 ევრო.

გიორგი ჩიკვაიძე ელგუჯა თურმანიძეს უწოდებს პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ძმის, ალექსანდრე ივანიშვილის „ხელის ბიზნესმენს“ და ამ კავშირებით ბოროტად სარგებლობაში ადანაშაულებს. ჩიკვაიძის თქმით, თურმანიძემ მას და მის პარტნიორს რამდენჯერმე ნარკოტიკები, შემდეგ კი ფულის გათეთრების სქემაში ჩაბმა შესთავაზა, როგორც ჩიკვაიძე აცხადებს, მან თურმანიძე ყოველ ჯერზე უარით გაისტუმრა: „გადავწყვიტეთ, რომ გაგვეწყვიტა მასთან კონტრაქტი და ყველანაირი ურთიერთობა და გავუწყვიტეთ ჩვენს შორის არსებული კონტრაქტი“.

2024 წლის 12 სექტემბერს ბიზნესმენმა გიორგი ჩიკვაიძემ „ტვ პირველის“ ღამის ეთერში, გადაცემა „რეაქციაში“ მასა და თავის პარტნიორზე ზეწოლის შესახებ ისაუბრა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები