თეატრალურის რექტორი საუბრობს, რა შემთხვევაში გადახედავს სტუდენტებისთვის სტატუსის შეწყვეტის საკითხს

13-03-2025 00:41:20 პოლიტიკა ,საზოგადოება

შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, გიორგი შალუტაშვილი ამბობს, რომ მზად არის გადახედოს ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებას, რომელიც 10 სტუდენტისთვის სტატუსის შეწყვეტის საკითხს შეეხება. თუმცა ის რიგ პირობებზე საუბრობს.

„იქ არის 10-მდე პუნქტი, რომლის საფუძველზეც მათ შეუწყდათ სტატუსი, მაგრამ ეს არის იურიდიული პროცედურის მხოლოდ დასაწყისი. მათ აქვთ სრული უფლება, რომ ეს გაასაჩივრონ - ან სასამართლოში ან მომმართონ მე, როგორც რექტორს და მოხდეს ამ გადაწყვეტილების გადახედვა იმის მიხედვით, თუ როგორი იქნება მათი პოზიცია“, - თქვა უნივერსიტეტის რექტორმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

მისი მტკიცებით, უნივერსიტეტის შენობაში მიმდინარე პროცესი სასწავლო პროცესს უშლიდა ხელს:

„მე არცერთი მათგანის სტუდენტებისადმი და უნივერსიტეტისადმი კეთილგანწყობაში ეჭვი არ მეპარება... ისინი არ არიან კეთილები ან ბოროტები... მათ წინაშე იყო ფაქტები - საუბარი არ იყო იმაზე, რომ ერთი პუნქტი დაირღვა ან ორი. ლაპარაკია ათამდე პუნქტის დარღვევაზე. რეალურად რაზე, რომ სასწავლო პროცესის დაწყება გახდა შეუძლებელი - ეს [რაც] არის ჩვენი ვალდებულება... ეთიკის კომისიის ყველა წევრი მოქმედებდა ეთიკის კოდექსით და არა თავისი კეთილგანწყობით... გარიცხვა [სტუდენტების] არავის სურს. არც ამ საბჭოს წევრებს არ სურდათ. მათაც კარგად იცოდნენ, რომ ვალდებული იყვნენ წესდების მიხედვით ემოქმედათ - ისიც, რომ მე შემეძლო ამ გაუქმება, მათთვის კარგად ნაცნობი იყო. რეალურად, ეს არის გაფრთხილება და არა - შეწყვეტა“.

„თუ ჩვენ ამ ორ უმნიშვნელოვანეს საკითხზე შევთანხმდებით (არ დაზარალდეს სასწავლო პროცესი და პროტესტი გაგრძელდეს ასეთი ტიპის ჩარჩოში) დანარჩენზე შევთანხმდებით...“ - შეაჯამა უნივერსიტეტის რექტორმა.

უნივერსიტეტის ფოიეს მცირე ნაწილი და ერთი აუდიტორია, სტუდენტებმა გასული წლის 17 დეკემბერს, ქვეყანაში მიმდინარე პროევროპული აქციების პარალელურად დაიკავეს - მას შემდეგ, რაც პოლიციამ არაერთი ადამიანი, მათ შორის ამავე უნივერსიტეტის ყოფილი სტუდენტები დააკავა სისხლის სამართლის წესით.

სტუდენტებს სტატუსი 10 მარტს შეუწყდათ. ერთი დღით ადრე, 9 მარტს უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ სტუდენტებს უნივერსიტეტის შენობაში დაკავებული სივრცის გათავისუფლება მოსთხოვა - ადმინისტრაციამ ახალგაზრდებს შეატყობინა, რომ შენობაში დეზინფექცია იყო ჩასატარებელი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები