13-03-2025 11:12:49 კონფლიქტები
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პარლამენტში ამ დღეებში მოსკოვის მხრიდან აფხაზეთის "მოქალაქეების" მიმართ მიღებულ და უახლოესი მომავლისთვის დაგეგმილ სადამსჯელო ღონისძიებებზე იმსჯელეს.
საუბარია, კერძოდ, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების - კან ქვარჩიასა და ლევან მიქავასთვის რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევაზე, მუსიკოსი ბარას ქუჯბასთვის რუსეთში შესვლის აკრძალვაზე, რუსეთის იუსტიციის სამინისტროს მიერ ცნობილი აფხაზი ჟურნალისტის - ინალ ხაშიგის "უცხოეთის აგენტების" სიაში შეყვანასა და იმავე სანქციის ჟურნალისტ იზიდა ჭანიაზე შესაძლო გავრცელებაზე.
აფხაზური მედიის ინფორმაციით, ამ საკითხების განსახილველად "სახელმწიფო სამართლებრივი პოლიტიკის კომიტეტის" გაფართოებულ სხდომაზე მიწვეულები იყვნენ დე-ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს, "სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის", რეპატრიაციის საკითხთა დე-ფაქტო სახელმწიფო კომიტეტის, ასევე საზოგადოებრივი პალატის წარმომადგენლები, თუმცა "საგარეო საქმეთა სამინისტროსა" და დე-ფაქტო უშიშროების კომიტეტის ჩინოსნები სხდომაზე არ მივიდნენ.
როგორც შეკრებილთ ოპოზიციონერმა ლევან მიქავამ განუცხადა, "შექმნილ ვითარებაში პარლამენტი მიმდინარე მოვლენების განხილვის ერთადერთ პლატფორმად რჩება, არადა, აფხაზური სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე საკუთარ უფლებებს ვერც ერთი მოქალაქე ვერ დაიცავს".
მისმა კოლეგამ კან ქვარჩიამ აცნობა სხდომის მონაწილეებს, რომ "ზეწოლა მიმართულია იმ პირებისკენ, რომლებიც ღიად იცავენ აფხაზეთის სუვერენულ უფლებებს". "გვთავაზობენ, დავივიწყოთ ჩვენი თანამემამულეები, რეპატრიანტები" - აღნიშნა მან.
თავის მხრივ, ანალიტიკოსმა ახრა ბჟანიამ გამოთქვა მოსაზრება, რომ აფხაზეთის სხვადასხვა "მოქალაქეებზე" სხვადასხვა სახის ზეწოლის შემთხვევები წარმოადგენს ერთიანი ჯაჭვის ნაწილებს და საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარების შეცვლას" ისახავს მიზნად".
"ჩვენ შეიძლება, გარე მართვის ქვეშ აღმოვჩნდეთ! ეს სრულიად რეალური შესაძლებლობაა! თუ სახელმწიფო ზომებს არ მიიღებს, ვითარება მხოლოდ გაუარესდება!" - განაცხადა ბჟანიამ.
მისივე აზრით, დე-ფაქტო პარლამენტმა "მკაცრი რეაგირება" უნდა მოახდინოს, კერძოდ, მოითხოვოს იმ ჩინოსნების გადადგომა, რომლებიც "უსარგებლობას დემონსტრირებენ", აფხაზეთში რუსეთის "ელჩს" კი საპროტესტო ნოტა გადასცეს. .
საპასუხოდ დე-ფაქტო საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელმა დაუთ ხუტაბამ განაცხადა, რომ "რეაგირების ფორმები კარგადაა გასააზრებელი".
სხდომაზე სიტყვით გამოვიდა ჟურნალისტი ინალ ხაშიგიც. მან განაცხადა, რომ რუსეთის მიერ მინიჭებული "უცხოეთის აგენტის" სტატუსის გასაჩივრებას გეგმავს და შესაბამისი აფხაზური "სახელმწიფო" უწყებების მხარდაჭერა ითხოვა. "ჩვენ გვყავს ამ მიმართულებაზე პასუხისმგებელი პირები, რომლებიც ვალდებულნი არიან, დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია აფხაზური კანონმდებლობის შესაბამისად!" - აღნიშნა მან.