13-03-2025 15:49:59 პოლიტიკა
საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განაჩენს გამოეხმაურა რუსი დეპუტატი, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ალექსეი ჩეპა:
"სააკაშვილმა დიდი ფული მიიღო ამერიკისგან, შემდეგ კი ეს ფული აღარ უნახავს. ის ჯერ უკრაინაში გაგზავნეს სამსახურის დასასრულებლად, შემდეგ კი (ციხეში) ამოალპეს. რასაც ქვია გააცურეს. ზელენსკის კი სააკაშვილზე გაცილებით უარესი ბედი ელის".
სააკაშვილს, რომელსაც 6-წლიანი პატიმრობა უკვე ჰქონდა მისჯილი, 12 მარტს დიდი რაოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე 9 წელი მიუსაჯეს.
„მას შემდეგ რაც ვერაფერი ვერ მიპოვეს, პრაქტიკულად სამუდამო პატიმრობა მომისაჯეს საპრეზიდენტო ოფისის ოფიციალური ხარჯებისთვის. ასე ისჯება ივანიშვილის მაფიოზური კლანის მიერ ქვეყნისთვის თავდადება და სამშობლოს სიყვარული“, - წერს სააკაშვილი და დასძენს, „ვერ დაგვაშინებენ! ძალა ერთობაშია“!
სასამართლომ დღევანდელ სხდომაზე ამავე საქმეზე ბრალდებულ თეიმურაზ ჯანაშიას, - სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს, - ჯარიმა მიუსაჯა 300 000 ლარის ოდენობით.