„შუბლზე იარაღი მიადო“ - დეტექტივი დააკავეს ოჯახში ძალადობის ბრალდებით

13-03-2025 16:03:11 სამართალი

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმის ინფორმაციით, ძალადობის და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტზე, კრიმინალური პოლიციის დეტექტივი დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ნ.ნ.-მ, მეუღლესთან თანაცხოვრების პერიოდში, მასზე ფიზიკური ძალადობა და მუქარა არაერთხელ განახორციელა. 2024 წლის გაზაფხულზე, დაბა სურამში, ბრალდებული მეუღლესთან შელაპარაკების ნიადაგზე მას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, შუბლზე ცეცხლსასროლი იარაღი მიადო და დაზარალებულს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. პოლიციელი მეუღლეზე ძალადობას და მუქარას შემდგომშიც აგრძელებდა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, გამოძიება დაზარალებული ქალის მომართვის საფუძველზე აწარმოა. გამოიკითხა დაზარალებული და მისი ოჯახის წევრები, გამოთხოვილი იქნა ელექტრონული ინფორმაცია და მოპოვებული იქნა დანაშაულში მამხილებელი მტკიცებულებები. შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვების შემდეგ, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ დაკავებული იქნა დეტექტივი.

პროკურატურის დადგენილებით, სამართალდამცავს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე (პრიმა) მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 11 (პრიმა) 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარედგინა. სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე აგრძელებს გამოძიებას", - წერია განცხადებაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები