„საქართველოს ბანკი“ ადასტურებს, რომ მის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა

28-02-2020 17:55:56 საზოგადოება

„საქართველოს ბანკი“ ადასტურებს, რომ მის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა.

„დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ დადასტურებული კორონავირუსის შემთხვევებს შორის ერთ-ერთი ჩვენი თანამშრომელია. მან იტალიაში იმოგზაურა და საქართველოში 26 თებერვალს ჩამოფრინდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მასზე მიმდინარეობს მონიტორინგი. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან აქტიური კომუნიკაციით, პროაქტიურ რეჟიმში იდენტიფიცირებულია ყველა ის ადამიანი, ვისთანაც ინფიცირებულს ჰქონდა კონტაქტი. ამ ეტაპზე პრევენციის მიზნით ხორციელდება უსაფრთხოების ნორმების შესაბამისი პროცედურები“, - აცხადებენ ბანკში.

საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 2–მდე გაიზარდა.

იხილეთ ასევე: საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი კორონავირუსთან დაკავშირებით მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს

ცნობისთვის: ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რაოდენობა შედარებით შემცირდა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსს 44 ადამიანი ემსხვერპლა და ყველა შემთხვევა მხოლოდ ჰუბეის პროვინციაში დაფიქსირდა. რაც შეეხება ინფიცირებულებს მათი რაოდენობა 327- მდე შემცირდა.

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით 2 788 ადამიანი გარდაიცვალა, ინფიცირებულია 78,824.

ქვეყნის საზღვრებს გარეთ, ვირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის იტალიაში, ირანსა და სამხრეთ კორეაშია. "COVID-19"–მა 50-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდნობამ კი 83 000–ს გადააჭარბა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები