14-03-2025 19:05:26 კავკასია ,პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ მთავრობის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება სომხეთისა და აზერბაიჯანის მოლაპარაკებების დასრულებას სამშვიდობო ხელშეკრულებაზე.
„საქართველო მიესალმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების დასრულებას სამშვიდობო შეთანხმების 17-ვე პუნქტთან დაკავშირებით“, - წერს საგარეო უწყება X-ზე და დასძენს, „ისტორიული ნაბიჯი რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობისაკენ“.
შეთანხმებას გა,ოეხმაურა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი:
„მივესალმები განცხადებას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებების დასრულების შესახებ“.
მისი თქმით, „შეთანხმება სამშვიდობო ხელშეკრულების პროექტზე გადამწყვეტი ნაბიჯია კავკასიის რეგიონში ხანგრძლივი სტაბილურობისკენ“.
„ამ ისტორიულ მიღწევას მოაქვს ახალი შესაძლებლობები მშვიდობისა და თანამშრომლობისათვის“, - აცხადებს ზურაბიშვილი.
შეთანხმებას გამოემხაურა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო:
„ეს ორივე ქვეყნისთვის არის შესაძლებლობა, ათწლეულების წინანდელი კონფლიქტიდან ახალი ფურცელი გადაშალონ - მშვიდობიანი სამყაროს შესახებ პრეზიდენტ ტრამპის ხედვის შესაბამისად“.
მისი თქმით, „ახლა დადგა დრო, რომ ვიზრუნოთ მშვიდობაზე, ხელი მოეწეროს ხელშეკრულებას და მოხდეს მისი რატიფიცირება, და შევაბიჯოთ სამხრეთ კავკასიის ხალხის კეთილდღეობის ახალ ერაში“.
ჯერჯერობით მხარეებს დოკუმენტისათვის ხელი არ მოუწერიათ. თუმცა ჯერ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა გამოაცხადა, რომ მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს. მოგვიანებით ინფორმაცია სომხეთის საგარეო უწყებამაც დაადასტურა.