თბილისის მერიიდან კვლავ ათავისუფლებენ თანამშრომლებს

14-03-2025 19:16:21 პოლიტიკა

თბილისის მერიიდან პროევროპული აქციების პარალელურად დაწყებული „რეორგანიზაციის“ ფარგლებში თანამშრომლების გათავისუფლება გრძელდება.

.„ისევე როგორც 400-მდე სხვა საჯარო მოხელეს, არც მე და არც ჩემს თანამშრომლებს გვაპატიეს საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის დაცვა და პეტიციაზე ხელმოწერა!“ - დაწერა სოციალურ ქსელში თბილისის მერიის საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელმა ლიანა (ლიკა) დავითაძემ. ის ამ პოზიციაზე 10 წლის განმავლობაში მუშაობდა.

მისი თქმით, მისი განყოფილებიდან გაათავისუფლეს მხოლოდ ის ადამიანები, რომლებმაც საჯაროდ გავრცელებულ დოკუმენტს მოაწერეს ხელი - კერძოდ, გაემიჯნნენ „ქართულ ოცნებაში“ 2024 წლის 28 ნოემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს მხრიდან აღარ დადგებოდა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო მოლაპარაკების საკითხი:

"სამსახურიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება ჩემი განყოფილების მხოლოდ იმ ოთხ თანამშრომელს შეგვეხო, ვინც საქართველოს კონსტიტუციისადმი ერთგულება ხელმოწერით დავაფიქსირეთ, ხოლო ერთადერთი თანამშრომელი, რომელმაც პეტიციას ხელი არ მოაწერა, ჩვენი განყოფილების გაუქმებამდე იმისთვის, რომ მისთვის სამსახური შეენარჩუნებინათ სხვა განყოფილებაში იქნა გადაყვანილი.განცხადებაზე ხელმომწერთა ზეწოლა მისი გამოქვეყნების დღიდან დაიწყო. ბევრს ხელმოწერის უკან გატანა მოუწია, ბევრი კი სამსახურიდან გაათავისუფლეს. მე და ჩემს საამაყო თანამშრომლებს აზრი არ შეგვიცვლია და ხელმოწერა უკან არ მიგვაქვს - ჩვენ ვრჩებით საქართველოს სახელმწიფოს და მისი მთავარი გზამკვლევის - საქართველოს კონსტიტუციის ერთგულნი".

სამსახურიდან ასევე გაათავისუფლეს ამავე განცხადების ხელმომწერი კიდევ ერთი საჯარო მოხელე - მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსი ჯაბა ქარელიც.

"ეს დღეც დადგა, ოფიციალურად მაცნობეს, რომ თბილისის მერიაში გამოცხადებული სადამსჯელო რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებული ვარ სამსახურიდან. ტრაგედიაა, როდესაც საჯარო მოხელეს კონსტიტუციის დაცვის მოწოდებაზე ხელმოწერის გამო სჯიან, რათქმაუნდა ძალიან უსამართლოა ეს ყველაფერი და ეს ამ სახელმწიფოს არ ეკადრება, მე ჯაბა ქარელი, ერთი წამითაც არ ვნანობ, არცერთ ჩემ ნაბიჯს საჯარო სამსახურში ყოფნის მანძილზე, მე მაშინაც ღირსეულად ვიცავდი საჯარო მოხელის ფიცს, როდესაც თქვენ ქვეყანაში რუსულ კანონებს ამტკიცებდით და მაშინაც, როდესაც ევროპულ არჩევანზე უარის თქმით თქვენივე მიღებულ კონსტიტუციას არღვევდით, საკუთარ სამშობლოს ღალატობდით და ამავე ფიცის დაცვას გავაგრძელებ, რომელიც თქვენ ცარიელ სიტყვებად გადააქციეთ, რამეთუ ეს და სხვა ყველა თქვენი სადამსჯელო გადაწყვეტილება არის უკანონო, არალეგიტიმური და დროებითი! ბრძოლას თავისუფალი საქართველოსთვის და ამ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის გპირდებით მივიყვანთ ბოლომდე, თუ თქვენ არ იცით ეს რას ნიშნავს ჩვენ გაჩვენებთ ეს როგორ ხდება!",- წერს ის.

სამსახურიდან გაათავისუფლეს თამთა კაჭახიძეც - მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა პროგრამების უფროსი.

„სამსახურის დაკარგვა არაფერია, ქვეყნის დაკარგვის შიში გვაქვს ჩვენ! თქვენ არ იცით, რას ნიშნავს, როცა შენს უკან სიმართლეა. საიდან გეცოდინებათ, აღარავინ დარჩა თქვენს რიგებში საპასუხისმგებლო თანამდებობებზე ისეთი, ვისაც ეს ოდესმე გამოუცდია ან უბრძოლიათ“, - წერს სოციალურ ქსელში თამთა კაჭახიძე.

თბილისის მერიაში ამბობენ, რომ ხელშეკრულებები უწყებაში მიმდინარე რეორგანიზაციის ფარგლებში შეწყდა.

მათ შორის, მერიიდან თანამშრომლების გათავისუფლება 2024 წლის დეკემბრის ბოლოდან დაიწყეს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები