
ბექა ბასილაია – მიხეილ სააკაშვილის განაჩენზე: ბევრი წელია, მსგავსი შემთხვევა არ მქონია, ასევე ჩემი კოლეგებისგანაც ეს არ მსმენია
17/03/2025 08:08:03 პოლიტიკა, სამართალი
მე ბევრი წელია მსგავსი შემთხვევა არ მქონია , ასევე ჩემი კოლეგებისგან არ მსმენია, – ასე ეხმიანება საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ბექა ბასილაია სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, "საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით მიხეილ სააკაშვილს ძირითადი სასჯელის ზომად და სახედ თავისუფლების აღკვეთა 12 წლით და 6 თვის ვადით აღკვეთა მიესაჯა"
ადვოკატის თქმით, "ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური ტყვე".
"რაც შეეხება სამართლებრივ ნაწილს, სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მიხედვით დანაშაულთა ერთობლიობის შემთხვევაში სასჯელები შთაინთქმება. მოსამართლემ მკაფიო განმარტება არ გააკეთა, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება და ჩვენ გვიტოვებს ვარაუდისთვის სივრცეს. როცა დასაბუთებას დაწერს, ვნახავ, რაზე იმსჯელა - რეციდივს ჰქონდა ადგილი, თუ რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, თუმცა, რეციდივის შემთხვევაშიც წერია კანონში, რომ უფრო მძიმე სასჯელი ნაკლებად მძიმე სასჯელს შთანთქავს და მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაშია შესაძლებელი, რომ გარკვეული სასჯელის შეკრებითობა მოხდეს, თუმცა, ისიც ნაწილობრივ. ამ შემთხვევაში რა გააკეთა, საზღვრის კვეთაზე ფაქტობრივად მაქსიმალური მიუსაჯა და ამას დაუმატა 8 წელი და საბოლოო ჯამში, 12,6 წელი გამოიყვანა. მე ბოლო ბევრი წელია, მსგავსი შემთხვევა არ მქონია, ასევე ჩემი კოლეგებისგანაც ეს არ მსმენია.
ლოგიკურად შეიძლება ვივარაუდოთ, რადგან აქამდე არსებული ბრალი იყო საზღვრის კვეთამდე და საზღვრის კვეთა ამის შემდეგ მოხდა, ამის გამო შეიძლებოდა რეციდივად შეეფასებინა, მაგრამ ამ პირობებში, როცა ერთი კვირის წინ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, რაც მანამდე არსებულ განაჩენებზე მეტია, ამიტომ აბსურდული და გაუგებარია ეს გადაწყვეტილება",- განაცხადა ბასილაიამ.
ცნობისთვის: საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე დამნაშავედ ცნეს. განაჩენი მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 17 მარტს, გამოაცხადა.
უშუალოდ საზღვრის უკანონო კვეთისთვის მას 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა. იმის გამო, რომ ქართულ სასამართლოებს მიხეილ სააკაშვილისთვის ჯამში 9-წლიანი პატიმრობა აქვთ მისჯილი, მოსამართლე ჯინჯოლიამ თქვა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი პატიმრობაში 12 წელსა და 6 თვეს გაატარებს.
„ამ განაჩენით [საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე] ნაწილობრივ დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 12 მარტის [„პიჯაკების საქმე“] განაჩენით დანიშნული სასჯელი 8 წელი... საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით მიხეილ სააკაშვილს ძირითადი სასჯელის ზომად და სახედ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 12 წლითა და 6 თვის ვადით“, - განაცხადა მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ.
ამ გადაწყვეტილების მიღების დროს მოსამართლემ იხელმძღვანელა „სისხლის სამართლის კოდექსის“ 59-ე მუხლის მესამე ნაწილით, რომლის მიხედვითაც, თუ დანაშაული განმეორდა, საბოლოო სასჯელის გამოთვლისას „დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება“.
სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე ბრალდებულია კიდევ რამდენიმე ადამიანი. ბრალი წაუყენეს ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს - მათ აღკვეთის ღონისძიებად გირაო აქვთ შეფარდებული. მათი საქმე ცალკეა გამოყოფილი.
სააკაშვილს პატიმრობა სამ საქმეზე აქვს მისჯილი: მის წინააღმდეგ პირველი განაჩენი 2018 წლის 6 იანვარს დადგა - თბილისი საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს დაუსწრებლად მიუსაჯა სამწლიანი პატიმრობა სანდრო გირგვლიანის ცემის საქმეზე (მსჯავრდებული პირების შეწყალებისა და მათთვის სასჯელის განახევრებისთვის) სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით; 2018 წლის ივნისში თბილისის საქალაქო სასამართლომ კვლავ დაუსწრებლად მიუსაჯა 6-წლიანი პატიმრობა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე. საქართველოს პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილს 2005 წელს თავს დაესხნენ და სცემეს. სწორედ ამ საქმეში სააკაშვილს ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზებაში ედებოდა ბრალი; ერთ-ერთი ბოლო განაჩენი 2025 წლის 12 მარტს დადგა, როცა მიხეილ სააკაშვილი სამ წლის დაპატიმრებულია. მას საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე (ე.წ. პიჯაკების საქმე) 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
სააკაშვილს ბრალი წაყენებული აქვს კიდევ ერთ საქმეზე - „იმედის დარბევის“ საქმზე. მას ედავებიან 2007 წლის ნოემბერში ტელეკომპანიაში შეჭრასა და მის „ხელში ჩაგდებას“. ამ საქმეზე განაჩენი ჯერ არ დამდგარა, საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება.
მიხეილ სააკაშვილი 2021 წლის 1 ოქტომბრიდანაა პატიმრობაში. იგი საქართველოში 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა. პოლიციამ იგი არჩევნების წინა დღეს დააკავა.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021