
ექსკლუზივი: ვიქტორ ყიფიანი პოლიტიკაში შესვლას განიხილავს
17/03/2025 11:43:34 პოლიტიკა
"აქცენტის" ინფორმაციით, ანალიტიკურ ცენტრ "ჯეოქეისის" თავმჯდომარე ვიქტორ ყიფიანი პოლიტიკაში შესვლას გეგმავს.
ჯერჯერობით უცნობია, შეუერთდება თუ არა ის უკვე არსებულ პოლიტიკურ პარტიას თუ შექმნის დამოუკიდებელ პოლიტიკურ მოძრაობას, თუმცა როგორც "აქცენტს" წყაროები უყვებიან, მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვადასხვა პირებთან და პოლიტიკურ ჯგუფებთან.
"აქცენტის" ინფორმაციით, ვიქტორ ყიფიანთან ერთად პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართვისთვის ემზადებიან "ჯეოქეისის" სხვა წარმომადგენლებიც.
ვიქტორ ყიფიანი და „ჯეოქეისი“ ბოლო წლებში განსაკუთრებით აქტიურად იყო ჩართული საზოგადოებრივ საქმიანობაში, მათ შორის ქვეყნის შიდა და საგარეო პოლიტიკური საკითხების განხილვებში.
აღსანიშნავია, რომ ყიფიანის პოლიტიკაში წასვლის შესახებ ინფორმაცია დროში ემთხვევა მის მიერ გაგზავნილ წერილს აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველთან და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარესთან, რომელშიც ყიფიანი აღნიშნავს საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის პრაქტიკულ მნიშვნელობას და თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობას.
ამასთან, საგულისხმოა, რომ რამდენიმე დღის წინ „ქართულ-ამერიკული რესპუბლიკური ალიანსის მხარდაჭერით, „ჯეოქსისი“ ოფიციალური წარმომადგენლობა დაფუძნდა ამერიკის შეერთებულ შტატებში.
გასულ კვირას ვიქტორ ყიფიანმა შეხვედრა გამართა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან.
შეხვედრის დეტალები საჯარო არ გამხდარა, თუმცა ამ დღეს სალომე ზურაბიშვილი მართავდა შეხვედრებს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან.
ამ დროისთვის ვიქტორ ყიფიანს არ გაუკეთებია ოფიციალური განცხადება მის სამომავლო პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით. "აქცენტის" შესაბამის კითხვაზე მან არც უარყო და არც დაადასტურა აღნიშნული ინფორმაცია.