17-03-2025 16:18:10 პოლიტიკა
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის პატიმრობის წლების დამატებაზე პასუხისმგებლობა "ქართულ ოცნებასთან" ერთად მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსაც დააკისრა. ბოკუჩავა ამას იმ გარემოებით ხსნის, რომ ზურაბიშვილმა სააკაშვილი არ შეიწყალა და გააჩინა სასჯელების შეკრების შესაძლებლობა.
"მინდა, გამოვეხმაურო სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას, რომ არ შეეწყალებინა მიხეილ სააკაშვილი. საერთაშორისო აქტორების, მათ შორის, ევროპარლამენტის მხრიდან სალომე ზურაბიშვილის მიმართ არაერთი მოთხოვნისა და მოწოდების მიუხედავად, რომ მიხეილ სააკაშვილი შეეწყალებინა, მან მის ხელთ არსებული კონსტიტუციური შეწყალების ბერკეტი არ გამოიყენა.
შეწყალების ინსტრუმენტის არგამოყენებაზე მისი მთავარი არგუმენტი ის იყო, რომ მისი შეწყალების აქტი სააკაშვილის თავისუფლებას არ განაპირობებდა. დღეს დადასტურდა, რომ მორალური და პოლიტიკური განაცხადის გარდა, მისი შეწყალების გადაწყვეტილებას პრაქტიკული და რეალური შედეგიც ექნებოდა. დღეს მოსამართლე შეკრებითობის პრინციპს ვერ გამოიყენებდა, ვინაიდან ყველა მისჯილ საქმეზე ზურაბიშვილის შეწყალების აქტით, მსჯავრი და პატიმრობის შესაბამისი წლებიც გაქარწყლდებოდა. ამიტომ, ივანიშვილის რუსულ რეჟიმთან ერთად, ამ ისტორიულ უსამართლობაზე დღეს სალომე ზურაბიშვილიც იზიარებს პასუხისმგებლობას.
საქართველოს ისტორიის ფურცლებზე აუცილებლად დაიწერება, რომ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, რომელმაც ევროპის დროშით რუსული საოკუპაციო რეჟიმისთვის წინააღმდეგობა სცადა, არ შეიწყალა მესამე პრეზიდენტი, ვინც საქართველოში ევროპის დროშა პირველად აღმართა". - თქვა ბოკუჩავამ.
17 მარტს მიხეილ სააკაშვილს საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ გამოაცხადა, რომელმაც საქმეზე შეკრებითობის პრინციპი გამოიყენა. კერძოდ, მოსამართლის განცხადებით, სასჯელი დაემატა სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილისთვის 12 მარტს მისჯილ 9-წლიან პატიმრობას და სააკაშვილს ჯამში 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.