ფონდების ანგარიშები ვატო შაქარიშვილისა და ნანა კაკაბაძის ორგანიზაციის საჩივრის საფუძველზე დააყადაღეს

17-03-2025 19:17:04 სამართალი

იმ საქველმოქმედო ფონდებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშები, რომლითაც პროევროპული აქციების მონაწილეთა ჯარიმებსა და საჭიროებებს ფარავდნენ, მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მიმართვით პროკურატურაში აღძრული „საბოტაჟისა და მტრულ საქმიანობაში დახმარების“ საქმის ფარგლებში დააყადაღეს, – იუწყება "რადიო თავისუფლება".

"ორგანიზაციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ვატო შაქარიშვილმა გამოცემას განუცხადა, რომ „აგენტურული კვალი“ დაინახეს, რომლის შესახებაც საგამოძიებო უწყებას აცნობეს, საქმე კი 2025 წლის თებერვალში აღიძრა.

„ჩვენი მიზანია ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში აგენტური ქსელის მიერ ჩადენილი დანაშაული აღიკვეთოს და კონკრეტულმა პირებმა ამის გამო პასუხი აგონ. ამ მიზანს საგამოძიებო უწყებები რა საშუალებებით მიაღწევენ, ეს მათი გადაწეყვეტია. ეს იქნება ის ღონისძება, რაც დღეს ფონდებთან დაკავშირებით შეიტყო თუ სხვა, ეს მათი პრეროგატივაა“, - განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.

ვატო შაქარიშვილი ამბობს, რომ 10 საათის განმავლობაში იმყოფებოდა პროკურატურაში ამ საქმესთან დაკავშირებით დეტალების მისაწოდებლად. რადიო თავისუფლებამ მას სთხოვა, დაესახელებინა ერთი ფაქტი, რომლის შესახებაც მან საგამოძიებო უწყებები ჩააყენა საქმის კურსში:

„აქ არის ლოგიკური ბმა, მოქმედებათა ჯაჭვი. ეს არის ძალიან ფართო და მოიცავდა იმ პროცესებს, რომელიც იყო პროკურატურის გავრცელებულ განცხადებაში - პირდაპირ ხდებოდა კონკრეტული ფონდების მიერ დანაშაულის წახალისება, დანაშაულის ჩადენისკენ მოწოდება და შემდგომ იმ მატერიალური საშუალებების შეძენას, რომელიც სჭირდებოდა დანაშაულის ჩადენას“, - ამბობს ვატო შაქარიშვილი და დასძენს, რომ მათ მიერ დასახელებულ ორგანიზაციებს შორის იყო „ნანუკას ფონდი“, „სირცხვილია“, – იტყობინება "რადიო თავისუფლება".

ცნობისთვის: პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე დღეს, 17 მარტს რამდენიმე ორგანიზაციის (ა(ა)იპ „ნანუკას ფონდი“; ა(ა)იპ „ფროსფერითი“; ა(ა)იპ „ფონდი ერთმანეთისთვის 24/7“; ა(ა)იპ „სირცხვილია“; ა(ა)იპ „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“) საბანკო ანგარიშები დააყადაღეს.

„გამოძიებით დადგენილია, რომ კანონსაწინააღმდეგო და დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზებისთვის ხშირ შემთხვევაში ფინანსური სახსრების შეგროვება და მიწოდება ხორციელდება ე.წ. „ფონდების“ მეშვეობით. აღსანიშნავია, რომ დასახელებული ორგანიზაციები პირდაპირ წარმართავენ თანხებს უკანონო ღონისძიებების დასაფინანსებლად, მოუწოდებენ საზოგადოებას დაუმორჩილებლობისკენ და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისკენ. კონკრეტული ფონდების ორგანიზაციული და ფინანსური საქმიანობა, მიმართულია სამართალდამრღვევი პირების და მათი ოჯახის წევრებისთვის მატერიალური დახმარების უზრუნველსაყოფად. ხდება სამართალდამრღვევი პირების სასარგებლოდ ჯარიმების გადახდა და სხვა სახის პირადი თუ ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„არანაირი პანიკა, არანაირი უიმედობა! პირიქით, საინტერესო ფაზაში გადავდივართ და პატიმრებთან აღებულ პირობას შევასრულებთ ბოლომდე! მოვიფიქრებთ სხვა გზებს, როგორ დავეხმაროთ ბიჭებს! „ქოცებს“ რომ ეგონათ შეგვაშინებდნენ, ბრძოლის ახალი ძალებით დაგვტენეს“, - ასე გამოეხმაურა ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი ანგარიშების დაყადაღებას.

"დაყადაღებულია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის ანგარიშები. ჯერ-ჯერობით, დამატებითი დეტალები ჩვენთვის უცნობია.რთული პერიოდია, თუმცა გვჯერა, ერთად ყველა სირთულეს გადავლახავთ", - ნათქვამია „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის“ განცხადებაში.

ქვეყანაში პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამასთან, „ქართული ოცნების" მთავრობა ირწმუნება, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.

პოლიცია აქციის დასაშლელად იყენებდა წყლის ჭავლს, წიწაკის სპრეის და ცრემლსადენ აირს. პოლიცია აქციის მონაწილეთა დაკავების დროს ძალადობდა მათზე, დაშავებულები არიან ჟურნალისტებიც - მათ ნაწილს საპოლიციო ძალები ფიზიკურად მაშინ უსწორდებოდნენ, როცა ისინი პირდაპირ ეთერში მუშაობდნენ.

საპოლიციო ძალების წინააღმდეგ აქციის მონაწილეები იყენებდნენ პიროტექნიკას, დაშავდნენ პოლიციელებიც.

აქციების დაწყების შემდეგ – 28 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე პერიოდში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების, წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებებით დააკავეს 500-მდე პირი, მათ შორის ჯგუფური ძალადობის, პოლიციელებზე თავდასხმის და აფეთქების სისხლისსამართლებრივი ბრალდებებით დაკავებულია 30-ზე მეტი პირი. ამ დრომდე არ არსებობს ოფიციალური ინფორმაცია არც ერთი სამართალდამცველის დაკავების შესახებ.

11 დეკემბერს სახალხო დამცველის აპარატმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 28 ნოემბრიდან 11 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებმა დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და კლინიკებში 352 პირი მოინახულეს. მისივე ცნობით, 352 ადამიანიდან არასათანადო მოპყრობაზე 226 პირი მიუთითებდა, ხოლო 157 პირს ხილული დაზიანებები აღენიშნებოდა.

აქციების დაწყების შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ კანონები გაამკაცრა. კერძოდ, შეკრებებზე აკრძალა ლაზერებისა გამოყენება და სახის დაფარვა, გაზარდა ჯარიმები გზის გადაკეტვასა და პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის. ასევე 15-დან 60 დღემდე გაზარდა ადმინისტრაციული პატიმრობის ვადაც. ამ შეზღუდვების ამოქმედების მიუხედავად, დემონსტრაციები არ წყდება, აღნიშნული ფონდები კი დაჯარიმებულ მოქალაქეებს სახდელის გადახდაში ეხმარებოდნენ. დემონსტრანტების მთავარი მოთხოვნები უცვლელია - დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები