17-03-2025 21:30:50 პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადებით, სისხლის სამართლის კოდექსში ნარკოდანაშაულთან მიმართებაში სავალდებულო მკურნალობა სავალდებულო იქნება, თუმცა „განსაკუთრებულ შემთხვევებში“.
მდინარაძემ განმარტა, რომ სავალდებულო მკურნალობა არ შეეხება ადმინისტრაციული სახდელებს და "ეს იქნება სისხლის სამართლის ნორმაში გაწერილი სასჯელი".
"ჩვენ შევჯერდით, რომ სისხლის სამართლის კოდექსში ნარკოდანაშაულთან მიმართებაში სასჯელის სახით შემოვიდეს სავალდებულო მკურნალობა, თუმცა ეს იქნება განსაკუთრებულ შემთხვევაში და იქნება სისხლის სამართლის კატეგორია. ეს არ იქნება ადმინისტრაციული სახდელი, ეს იქნება სისხლის სამართლის ნორმაში გაწერილი სასჯელი. იმ შემთხვევაში, თუ პირს ნარკოტიკული დანაშაულისთვის მიესჯება სასჯელი, შესაძლოა, განსაკუთრებულ შემთხვევაში, და ეს იქნება მოსამართლის დისკრეციის ფარგლებში. შესაძლებელია, ამ დისკრეციის განხორციელებას საფუძვლად დაედოს საქმეში არსებულ მასალებთან ერთად ნარკოლოგიურის ექსპერტიზის დასკვნა. მოსამართლემ გადაწყვიტოს, რომ ამ კონკრეტული ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვის თვალსაზრისით არა მხოლოდ კერძო პრევენცია, არამედ ზოგადი პრევენციისთვის იყოს კარგი ამ სასჯელის დანიშვნა სხვა სასჯელთან ერთად. სტრასბურგის პრეცედენტიც კი გვაძლევს ამის საშუალებას, რომ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი საკუთარ თავს უქმნის საფრთხეს, ასევე საზოგადოებისთვის არის საშიში და მას, შესაძლოა, ესაჭიროებოდეს სავალდებულო მკურნალობა, ეს გადაწყვეტილება, შეიძლება, მიიღოს მოსამართლემ“, – განაცხადა მდინარაძემ.