
მდინარაძე: მაუწყებლობის შესახებ კანონი მაუწყებლების შესაბამის ონლაინ პლატფორმებზე გავრცელდება და არა ზოგადად ონლაინ მედიაზე
17/03/2025 16:58:12 პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადებით, მაუწყებლობის შესახებ კანონი მაუწყებლების შესაბამის ონლაინ პლატფორმებზე გავრცელდება და არა ზოგადად ონლაინ მედიაზე.
"ძალიან აქტუალური საკითხია მაუწყებლობის შესახებ კანონი. ჟურნალისტების მიერ აღიარებული ქცევათა წესები გადადის სავალდებულო აღსრულებაში, გამომდინარე იქიდან, რომ ის გადადის სახელმწიფო რეგულირების სფეროში. თუ აქამდე იყო თვითრეგულირებაში და კონკრეტულ მედიასაშუალებებს თავად ჰქონდათ კონკრეტულ დარღვევებზე რეაგირების უფლება და საშუალება, ახლა ეს ფუნქცია გადაეცემა კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას. განსხვავება მხოლოდ ეს არის. ასევე საპარლამენტო უმრავლესობის დღევანდელ სხდომაზე მიღებულ იქნა დამატებით ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება: გარდა იმ ნორმებისა, რომელიც აღიარებულ იყო თავად მთლიანი ჟურნალისტების ქართული კორპუსისა და ამ პროფესიის წარმომადგენელთა უმრავლესობა ხელს აწერდა, ამას გარდა საპარლამენტო უმრავლესობამ გადაწყვიტა, რომ ბრიტანული სტანდარტი ასევე გავრცელდეს მაუწყებლების ვებ-გვერდებსა და სოციალურ ქსელებზე. დღეს აქტუალური იყო მედიაში საკითხი - გავრცელდება თუ არა ონლაინ მედიაზე ზოგადად - არა, ონლაინ მედიაზე ზოგადად არ გავრცელდება, მაგრამ მაუწყებლების შესაბამის ონლაინ პლატფორმებზე კანონის ნორმები გავრცელდება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მანამდე რამდენიმე საათით ადრე მდინარაძის თანაგუნდელმა არჩილ გორდულაძემ შემდეგი განაცხადა:
„პროექტის პირველი მოსმენით განხილვისას იყო გუნდის შეთანხმება, რომ ონლაინ მედიაზეც გავრცელდეს ქცევის ის სტანდარტები, რაც ზოგადად, მაუწყებლებისთვის არის გათვალისწინებული. იხვეწება და ვითარდება ტექნოლოგიები, ინფორმაციის გავრცელების სხვა საშუალებები და ამ ყველაფერზე საკანონმდებლო რეგულაციები უნდა არსებობდეს“.
არჩილ გორდულაძემ დააზუსტა, რომ „აქ ის ორგანიზაციები იგულისხმება, რომელიც საკუთარ თავს მედიას უწოდებს, მაგრამ არ ოპერირებენ როგორც მაუწყებლები, მათი ინფორმაციის გავრცელების საშუალება ტელევიზია არ არის და ინფორმაციის გასავრცელებლად იყენებენ როგორ საიტებს, ასევე სხვა აპლიკაციებს და აქვთ სტრუქტურიზებული ფორმა“.
სოციალური ქსელების რეგულირების ინიციატივა თავდაპირველად „ხალხის ძალამ“ გააჟღერა.
„დღეს ტელევიზიასთან, რადიოსთან შედარებით, საზოგადოებრივ აზრზე გაცილებით მეტი გავლენა შეიძლება მოახდინოს სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა ინფორმაციამ. არსებობს ინფორმაციის სხვა საშუალებებიც, მაგრამ სოციალური ქსელები მაინც ყველაზე დიდ აუდიტორიას მოიცავს და ყველაზე ფართო გავლენის მქონეა. კარგი იქნება, თუ დავიწყებთ მუშაობას ამ სფეროში რეგულირებაზეც, რათა ადამიანის ღირსება, პირადი ცხოვრება იყოს დაცული, ადამიანის შეურაცხყოფა იყოს დასჯადი იმ მიზნით, რომ ადამიანები დავიცვათ“, - განაცხადა 4 მარტს „ხალხის ძალის“ ლიდერმა სოზარ სუბარმა.
4 მარტს "ოცნების" პარლამენტში „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღეს. პროექტის თანახმად, სრულად იკრძალება უცხოური დაფინანსება, წესდება ახალი შეზღუდვები ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში, მკაცრდება კონტროლი და სადამსჯელო ზომები.