განათლების ყოფილი მინისტრი ამილახვარი IBSU-ს კონსულტანტად დაინიშნა

18-03-2025 12:07:54 პოლიტიკა ,საზოგადოება

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის ყოფილი მინისტრი გიორგი ამილახვარი, რომელმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე დატოვა თანამდებობა, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU-ს) კონსულტანტად დაინიშნა.

„შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს, რომელმაც სამი თვის წინ გაიარა ხელახალი ავტორიზაცია, ამბიციური გეგმები აქვს.

გიორგი ამილახვარი, რომელსაც საგანმანათლებლო სფეროში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობის 12-წლიანი გამოცდილება გააჩნია და დარგის პროფესიონალია, უნივერსიტეტს დაეხმარება ახალი გამოწვევების დაძლევასა და განვითარებაში.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ამჟამად ფუნქციონირებს 45 აკრედიტებული საგანმანათლებლო ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი პროგრამა როგორც საბაკალავრო, ისე სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე”, - აღნიშნულია უნივერსიტეტის განცხადებაში.

გიორგი ამილახვარი, პარლამენტის წევრი „ქართული ოცნებიდან“, - 2023 წლის 20 მარტიდან დაინიშნა მინისტრად და მიხეილ ჩხენკელი შეცვალა. 2024 წლის 2 ოქტომბერს კი იგი ალექსანდრე წულაძემ ჩაანაცვლა.

შავი ზღვის უნივერსიტეტი, რომელიც წლების განმავლობაში „ჩაღლარის ქსელის“ ნაწილი იყო, 2023 წლის შემოდგომაზე გაიყიდა. მისი მფლობელია კახა შენგელია, რომელიც ამავე დროს „კავკასიის უნივერსიტეტის“ დირექტორია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები