აშშ–ში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა

28-02-2020 22:58:49 მსოფლიო

აშშ–ში ახალი ტიპის ("COVID-19") კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 62–მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის იმუნიზაციისა და რესპირატორული დაავადებების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მისივე ცნობით, ინფიცირებულთა შორის 44 პირი იაპონიის სანაპიროსთან მდგომი, კარანტინს დაქვემდებარებული საკრუიზო გემიდან - "Diamond Princess"-დან არის ევაკუირებული.

„აშშ–ის 285 მოქალაქე ამჟამად საკარანტინო სივრცეში იმყოფება. ყველა მათგანი "Diamond Princess"–დანაა ევაკუირებული“, – აცხადებენ იმუნიზაციისა და რესპირატორული დაავადებების ეროვნულ ცენტრში.

ცნობისთვის: ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რაოდენობა შედარებით შემცირდა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსს 44 ადამიანი ემსხვერპლა და ყველა შემთხვევა მხოლოდ ჰუბეის პროვინციაში დაფიქსირდა. რაც შეეხება ინფიცირებულებს მათი რაოდენობა 327- მდე შემცირდა.

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით 2 788 ადამიანი გარდაიცვალა, ინფიცირებულია 78,824.

ქვეყნის საზღვრებს გარეთ, ვირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის იტალიაში, ირანსა და სამხრეთ კორეაშია. "COVID-19"–მა 50-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდნობამ კი 83 000–ს გადააჭარბა.

საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 2–მდე გაიზარდა.

იხილეთ ასევე: საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი კორონავირუსთან დაკავშირებით მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს

ახალი ამბები

სხვა სიახლეები