
ენმ-ში ამბობენ, რომ ვარშალომიძემ საპატიმრო დატოვა
19/03/2025 14:21:09 პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის“ ცნობით, პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე, რომელიც ყაზახეთში დააკავეს, საპატიმროდან გამოუშვეს, თუმცა „იურიდიული პროცედურები გრძელდება“.
„დღეს ის თავისუფალია, მაგრამ მიმდინარეობს იურიდიული პროცედურები. იმედს ვიტოვებთ, რომ მალე ამოიწურება ეს უსიამოვნო სიტუაცია ჩვენ მეგობარ ყაზახებთან და ლევან ვარშალომიძე დროზე დაბრუნდება საქართველოში“, - თქვა ლევან ანთაძემ.
18 მარტს გახდა ცნობილი, რომ ვარშალომიძე ყაზახეთში, აეროპორტში დააკავეს საზღვრის კვეთისას.
„სავარაუდოდ, წინასწარი ინფორმაციით, საქმე ეხება რუსეთის ფედერაციიდან გაგზავნილ ინფორმაციას სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც ლევან ვარშალომიძეს ეხება და უკავშირდება მის პოლიტიკურ- საკონსულტაციო საქმიანობას უკრაინის ხელისუფლებასთან“, - აცხადებდა ლევან ბეჟაშვილი.
პარტიაში შიშობდნენ, რომ არსებობდა საქართველოს მოქალაქის რუსეთში ექსტრადირების საფრთხე.